ეროვნული ბანკი განმარტავს თავის ყველა გადაწყვეტილებას - ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას - რატომ გადაწყვიტა სებ-მა რეზერვების ნაწილის ჩინური იუანის ფასიან ქაღალდებში განთავსება.
ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელმძღვანელობის ცვლილების შემდეგ მარეგულირებლის საქმიანობა წარმატებულია ეს იქნება მონეტარული თუ ფისკალური პოლიტიკა.
„საქართველოს ეროვნული ბანკი, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ახალი ხელმძღვანელობა მოვიდა სათავეში ქალბატონი ნათია თურნავას და სებ-ის საბჭოს ახალი შემადგენლობის სახით ძალიან დიდი წარმატებით მუშაობს. რეკორდულ ნიშნულზეა ჩვენი სავალუტო რეზერვები. მარტო ბოლო თვეში, იანვრის განმავლობაში 141 მილიონი დოლარით შეივსო ჩვენი სავალუტო რეზერვები. იცით, რომ ძალიან მყარია ლარის კურსი, ინფლაციური პროცესები სწორად რეგულირდება. ჩვენ შარშან გვქონდა 4% ინფლაცია, შარშანწინ გვქონდა 1,9% ინფლაცია, საშუალო მაჩვენებელი იყო 3%-ზე ნაკლები, რაც არის ზღვრის ფარგლებში. მე ზოგადად ვაფასებ ეროვნული ბანკის საქმიანობას ყველა მიმართულებით, როგორც რეზერვების მიმართულებით, ასევე ლარის კურსის მიმართულებით, ზოგადად მონეტარული, ფისკალური პოლიტიკის კუთხით, ეროვნული ბანკის საქმიანობა ძალიან წარმატებულია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათია თურნავას განცხადებით, ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე (CIBM) წვდომის მოპოვება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საერთაშორისო რეზერვების მართვის ეფექტიანობას და ხელს შეუწყობს მათი დივერსიფიკაციის პროცესს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს და უმნიშვნელოვანეს საფინანსო ბაზარზე - ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე (China Interbank Bond Market - CIBM) წვდომა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის გასულ წელს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში დაწყებული თანამშრომლობის შედეგად მოიპოვა.




























