საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებს მოუსმინა, რომლებიც პარლამენტს მიმდინარე კვირაში მიხეილ ყაველაშვილმა წარუდგინა. კანდიდატებს შორისაა სებ-ის მოქმედი აღმასრულებელი დირექტორი ვახტანგ ბურკიაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ სებ-ი გააგრძელებს სავალუტო რეზერვების ხარჯვას მაშინ, თუკი ბაზარზე ადგილი აქვს მოკლევადიან მერყეობას, რაც არაფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორების მიერ არის გამოწვეული.
ამასთან, ბურკიაშვილმა განაცხადა, რომ სებ-ის მიერ ოქროს შესყიდვა წარმატებულ ინვესტიციას წარმოადგენდა, რომლის შედეგადაც მათ 400 მილიონის არარეალიზებული მოგება მიიღეს.
"როდესაც კურსი არაფუნდამენტური ფაქტორების გამო მოკლევადიანი აჟიოტაჟის შედეგად გადის რკალიდან, ეროვნული ბანკი იყენებს რეზერვებს და მათ ყიდის. ეს ხდება არაფუნდამენტური ფაქტორების პირობებში.
ოქროს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. მთავარი მიზანი იყო დივერსიფიცირება. ჩვენ რეზერვები წარმოდგენილი გვაქვს დოლარში, ევროში, კანადურ დოლარში და გვინდოდა ამის დივერსიფიცირება და სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. დღეს უკვე ვიცით, რომ არამხოლოდ დივერსიფიცირებული ნაბიჯით და ოქროს შეძენით უკვე 400 მილიონის არარეალიზებული მოგება გვაქვს,"- განაცხადა ბურკიაშვილმა.
ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა 2024 წლის განმავლობაში იყიდა 483 მილიონი დოლარი და გაყიდა 917 მილიონი დოლარი, რაც ნიშნავს რომ წმინდა გაყიდვებმა 435 მილიონი დოლარი შეადგინა. სწორედ ამდენით შემცირდა საქართველოს საერთაშორისო სარეზერვო აქტივები 2024 წელს უშუალოდ სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების გამო.
2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით კი, საქართველოს სავალუტო რეზერვებმა 4.45 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 562 მილიონი დოლარის კლებას წარმოადეგნს. ამ შემცირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სებ-ის მიერ გასულ წელს (ძირითადად წინასაარჩევნო პერიოდში) განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები იყო.
2024 წლის ბოლოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო რეზერვების შესავსებად კომერციული ბანკებისთვის უცხოურ ვალუტაში მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები გაზარდა. სწორედ აღნიშნულის და სებ-ის მიერ 29 მილიონი დოლარის შესყიდვით, 2024 წლის დეკემბერში სავალუტო რეზერვების ზომა 324 მილიონი დოლარით გაიზარდა.




























