ტექნიკის ბრენდულ მაღაზიებში სებ-ის რეგულაციების შემდეგ გაყიდვების მნიშვნელოვანი ცვლილება არ ფიქსირდება. როგორც bm.ge-სთან „ტექნობუმის“ ხელმძღვანელი ანზორ ქოქოლაძე აცხადებს, შემცირდა განვადებები, თუმცა, მთლიანი გაყიდვები ტურისტული სექტორის გააქტიურებამ დააკომპენსირა. განვადებების შემცირება კი სებ-ის მიერ დაწესებულმა რეგულაციებმა გამოიწვია, რომლის მიხედვითაც, 7 მაისიდან პირს შემოსავლის დადასტურების გარეშე ბანკიდან სესხის აღება არ შეუძლია.
„თუ ამ კანონის ძალაში შესვლამდე განვადების წილი მთლიან გაყიდვებში იყო 60% და 40% იყო ნაღდი გაყიდვები, კანონის ამოქმედებიდან პროპორცია შეიცვალა და 48%-ია განვადებები. თუმცა, მთლიან გაყიდვებზე ასახვა არ ჰპოვა, პირიქით ზრდაც იყო ბოლო 2 თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით იმის ხარჯზე, რომ ტურისტული სექტორი იყო მზარდი და სწორედ მათი მხრიდან იყო მოთხოვნა“,- აცხადებს ანზორ ქოქოლაძე.
ტექნიკის მაღაზია „აიტექნიკსში“ კი აცხადებენ, რომ რეგულაციების შემოღების დასაწყისში შემცირება უფრო შეინიშნებოდა, ამჟამად კი მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესებულია.
“რა თქმა უნდა, iTechnics-ზე აისახა ეს რეგულაციები. ზოგადად შემცირებულია განვადებების გაცემა, ასევე გართულებულია პროცედურა, რადგან მომხმარებელს სჭირდება დამატებითი საბუთების წარმოდგენა, რომ მიიღოს განვადება. ჩვენს შემთხვევაში საგრძნობი შემცირება არ გვაქვს, ერთი მხრივ, გაზრდილია განვადებების რაოდენობა, რაც შეგვიძლია იმით ავხსნათ, რომ თუ ერთ ადამიანს არ აძლევენ განვადებას, ოჯახის წევრს თხოვს ან მეგობარს განვადებას, რადგან ყველანაირად ცდილობს პროდუქტის მიღებას“,- აცხადებს iTechnics -ის მარკეტინგის მენეჯერი ირაკლი ქირია.

























