საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის აგვისტოს მდგომარეობით, სებ-თან არსებულმა დავების განმხილველმა კომისიამ მომხმარებლებსა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს შორის არსებული დავების შესახებ 150 საჩივარი მიიღო და წარმოებაში განიხილა. აქედან 125 დავა უკვე დასრულებულია, ხოლო 25 საჩივარი განხილვისა და მოკვლევის პროცესშია.
ეროვნული ბანკის ცნობით, კომისიის მიერ მიღებული დადებითი გადაწყვეტილებების საფუძველზე, მომხმარებლებისთვის ფაქტობრივად ანაზღაურებული ან ჩარიცხული თანხების ჯამურმა მოცულობამ 426 ათასი ლარი შეადგინა. ამასთან, ამ ეტაპზე მიმდინარე დავების ჯამური ღირებულება 400 ათასი ლარია, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად, პროვაიდერების მიერ მომხმარებლებისთვის ასანაზღაურებელი დარჩენილი თანხა 393 ათას ლარს შეადგენს.
„მომხმარებლებისთვის უკვე ფაქტობრივად ანაზღაურებული/ჩარიცხული თანხების ჯამური მოცულობა 426 ათას ლარს შეადგენს“, - აღნიშნავს ეროვნული ბანკი.
სებ-ის ინფორმაციით, კომისიის მიმართ მოქალაქეების მიმართვიანობა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა, რასაც ხელი შეუწყო საკანონმდებლო ცვლილებებმა. კერძოდ, გაიზარდა დავის საგნის ღირებულების ზედა ზღვარი, რომლის ფარგლებშიც კომისიას მომხმარებელთა საჩივრების განხილვის უფლებამოსილება აქვს - 50 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე.
საჩივრების უმეტესობა ანგარიშიდან განხორციელებულ ისეთ გადახდის ოპერაციებს უკავშირდება, რომლებსაც მომხმარებელი არ ეთანხმება.
ამასთან, კომისიის საქმიანობის მთელი პერიოდის განმავლობაში მისთვის წარდგენილი საჩივრებით მოთხოვნილი თანხების საერთო მოცულობამ 1 მილიონ 645 ათასი ლარი შეადგინა. სებ-ის განმარტებით, დავების განმხილველი კომისია მომხმარებლებისთვის დავის განხილვის „სწრაფ, ეფექტურ და უფასო მექანიზმს“ წარმოადგენს. მისი მიზანია საგადახდო მომსახურების მომხმარებელთა უფლებების დაცვა, სამართლიანი მოპყრობის უზრუნველყოფა და ციფრული გადახდების მიმართ ნდობის გაძლიერება.
"მომხმარებელი უფლებამოსილია, საჩივრით მიმართოს საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებულ დავების განმხილველ კომისიას თუ მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა საგადახდო ბარათით, ინტერნეტ-ბანკიდან, მობაილ-ბანკიდან და სხვა განხორციელებულ არაავტორიზებულ (მისი თანხმობის გარეშე განხორციელებულ) ოპერაციებს, გადახდის ოპერაციის შესრულების ვადის დარღვევას, არასწორად შესრულებულ ოპერაციას, ოპერაციის საკომისიოს არასწორად ჩამოჭრას და სხვა მსგავს შემთხვევას,"- წერს ეროვნული ბანკი.

























