მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სებ-ის მიერ მინიმუმ $1.6 მილიარდი არის უკვე შესყიდული - ლაშა ქავთარაძე

ლაშა ქავთარაძე

Galt & Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე ამბობს, რომ წელს, ეროვნულმა ბანკმა რეზერვები მინიმუმ $1.6 მილიარდით უკვე შეავსო. მან ამის შესახებ "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა, სადაც სხვადასხვა ეკონომიკური მაჩვენებლები მიმოიხილა.

მისი თქმით, არაა გამორიცხული, აგვისტოში სებ-ს $300 მილიონზე მეტი შეესყიდა.

ეკონომისტმა ასევე ისაუბრა ეკონომიკური ზრდის, უმუშევრობის და დაკრედიტების ტენდენციებზეც.

"შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 8%-ით არის გაზრდილი. ბოლო თვეებში ვხედავთ, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი დაახლოებით 6.5%-ის ფარგლებშია, ეს შენელებული არის პირველ კვარტალთან შედარებით, რაც მოსალოდნელი იყო. ჩვენი დაკვირვებით, აგვისტოში რომ ვუყურებთ, მაგალითად, საგადასახადო შემოსავლებს და განსაკუთრებით, დღგ-ს შემოსავლებს, დაჩქარებული არის წინა თვეებთან შედარებით და არ არის გამორიცხული, რომ ივლისთან შედარებით უკეთესი ეკონომიკური ზრდის ტემპი იყოს. ჩვენი პროგნოზი არის ის, რომ მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდოს. რეალისტური არის, რომ ამ მაჩვენებელზე გავიდეთ წლის ბოლოს, იმის გათვალისწინებითაც, რომ შარშან მეოთხე კვარტალში ეკონომიკური ზრდის ტემპი შესუსტებული იყო და საბაზო ეფექტი მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალზე გავლენას იქონიებს.

რაც შეეხება სხვა მაჩვენებლებს, წლის პირველი ნახევრის მონაცემი გვაქვს და გაზრდილი არის უმუშევრობის ზრდის ტემპი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14.5% არის, შარშან 13.9%-ით დაიხურა უმუშევრობის მაჩვენებელი და ეს ზრდა ძირითადად განპირობებულია თვითდასაქმებულების შემცირებით, მაშინ როცა ნაწილი სამუშაო ძალის გარეთ მოსახლეობაში გადავიდა, ნაწილი სავარაუდოდ მიგრაციაში. თუმცა აქ შეგვიძლია ყურადღება გავამახვილოთ, რომ როდესაც ეკონომიკური ზრდა იზრდება, მაშინ ტრადიციულად უმუშევრობა მცირდება ხომ? მაგრამ ეს პანდემიის შემდგომ პირველი წელი არის, როდესაც პირიქით, ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება და უმუშევრობაც იზრდება. ეს შეიძლება აი ამ დროებით მოვლენად ჩავთვალოთ, გამომდინარე იქიდან, რომ ასე ვთქვათ, ის ადამიანები, ვინც ემიგრაციაში მიდიან, აქ რომ დასაქმებულიყვნენ, იმაზე მეტ შემოსავალს იქიდან აგზავნიან ფულადი გზავნილების სახით.

თუ შევხედავთ საბანკო დაკრედიტებას, 15%-იანი ზრდა არის გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ჯანსაღი ზრდის ტემპი. ამ დაკრედიტების ზრდა ძირითადად კვლავ განპირობებულია კორპორატიული დაკრედიტების ზრდით, რაც კერძო ინვესტიციების ნაწილს წარმოადგენს და ფაქტობრივად ეს არის ის ფაქტორი, რომელიც ასე ვთქვათ, პოზიტიურად მოქმედებს ეკონომიკურ აქტივობაზე. სხვა მაჩვენებლებსაც რომ შევხედოთ, მაგალითად სავალუტო შემოდინებები, რვა თვეში დაახლოებით 6.3%-ით არის გაზრდილი ექსპორტი, ფულადი გზავნილები და ტურიზმის არხებიდან, ეს არის ჩვენი შეფასება. ბოლო თვეებში, განსაკუთრებით მეორე კვარტლიდან, ჩვენ ვხედავთ დაჩქარებას, მაგალითად, ტურიზმის შემოსავლებში. ჩვენი პროგნოზი არის, რომ ტურიზმის შემოსავლები წლიურ ჭრილში მიაღწევს $4.5 მილიარდს, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ მეორე ნახევარში ზრდის ტემპის დაფიქსირების შემთხვევაში უფრო მეტიც მივიღოთ.

გაცვლითი კურსის გამყარებას ვხედავთ თებერვლიდან მოყოლებული და ეს გრძელდება. ეს გამყარება უკვე აი ამ ბოლო პერიოდში უმეტეს წილად განპირობებულია გლობალური ფაქტორით, ანუ დოლარი არის გლობალურად დასუსტებული და ეს მოქმედებს. აი ამ ფონზე ეროვნულ ბანკს საშუალება მიეცა, რომ რეზერვების შევსება აქტიური ყოფილიყო, განსაკუთრებით მეორე კვარტალიდან მოყოლებული. ბოლოს, ივლისში საკმაოდ სოლიდური თანხები იყო შესყიდული, $417 მილიონი. არ არის გამორიცხული, რომ $300 მილიონზე მეტი შესაძლოა აგვისტოში იყოს. $1.3 მილიარდი არის უკვე მარტი-ივლისის მონაცემი და აგვისტოსაც თუ $300 მილიონს ჩავთვლით, მინიმუმ $1.6 მილიარდი უკვე არის შესყიდული. შესაბამისად, საერთაშორისო რეზერვების დონემ უკვე $5.2 მილიარდს მიაღწია. თუ ამას გამოვაკლებთ, მაგალითად, ეროვნული ბანკის ვალდებულებებს, როგორც კომერციული ბანკების მიმართ, ასევე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ, ძირითადად სავალუტო ფონდი არის და მთავრობას აქვს კიდევ სავალუტო ფონდის მიმართ $160 მილიონამდე დავალიანება, ამის გათვალისწინებით წმინდა საერთაშორისო რეზერვები, რასაც ჰქვია, ის $2.6 მილიარდამდე არის ჩვენი შეფასებით და ფაქტობრივად ეს ნიშნავს იმას, რომ თუ რაიმე მოკლევადიანი შოკი იქნება, ვთქვათ, ერთჯერადი შეტევა იქნება გაცვლით კურსზე, ამის რესურსი არსებობს და თვითონ რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებელსაც თუ შევხედავთ, იმ არსებული მეთოდოლოგიით, რაც არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ამ ეტაპზე ჩამოვრჩებით, თუმცა თუ ჩვენ ანალიტიკურად უფრო ღრმად ჩავალთ და გავითვალისწინებთ, მაგალითად, გარკვეულ კომპონენტებს, სადაც, მაგალითად, ექსპორტში არის ავტომობილების რეექსპორტი, ხომ? შესაბამისად ვაჭრობა როდესაც არის გაზრდილი, ფულის მასაც უფრო მეტი არის. აი ამ კომპონენტს თუ გავითვალისწინებთ, მაშინ ადეკვატურ დონესთან ახლოს არის",- ამბობს ლაშა ქავთარაძე.

"მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8%-ზე შენარჩუნდება" - Galt & Taggart-ის პროგნოზი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები