„ეროვნული ბანკის პრეზიდენტს საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით პოზიცია არ აქვს, ის მთავრობის პოლიტიკას ამართლებს,“ - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც კობა გვენეტაძის მოსმენა გრძელდება.
ბოკერიამ ყურადღება კერძო პირებისგან თანხის სესხებასთან დაკავშირებითაც გაამახვილა, რომელიც დიდ რისკს შეიცავს.
„ის მოსაზრება, რომ მოქალაქეებმა კერძო პირებისგან დაიწყონ თანხის სესხება - ამასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გამოთქვა პოზიცია, რომ ამის კრიმინალიზება მოხდება ანუ აიკრძალოს, შეიზღუდოს და იქაც დაწესდეს მკაცრი რეგულაციები. თუ ამ გზით წახვალთ, რომ თქვენ მავნებლურ პოლიტიკას კიდევ უფრო გააღრმავებთ, ეს ყველაფერი მთლიანად კრიმინალურ სივრცეში გადავა და კანონმორჩილ მოქალაქეებს კიდევ უფრო მეტად გაუჭირდებათ ცხოვრება, ხოლო ორგანიზებული დანაშაული დამატებით ფუნქციას შეიძენს,“ - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.
„ევროპული საქართველოს“ წევრი მიიჩნევს, რომ მოსახლეობა ამ ფონზე კიდევ უფრო მძიმე შედეგებამდე მივა.
„ეს არის დაცდა?! კიდევ უფრო მძიმე შედეგამდე მისვლის მოლოდინის დაწესება. შემდეგ შემოტრიალება კიდევ უფრო რთულია; როდესაც ეკონომიკურ ზრდაზეა საუბარი ვითარების უცბად შემოტრიალება არ ხდება,“ - განმარტა გიგა ბოკერიამ.

























