ეროვნული ბანკის საბაზისო სცენარის მიხედვით, უძრავი ქონება მომავალ წლებშიც გაძვირდება. თუკი 2023 წელს ზრდა ლარში 12,5% იყო, მიმდინარე წელს 6%, ხოლო 2025-2026 წწ-ში 5,5% იქნება. სებ-ი მოელის, რომ გეოპოლიტიკური ვითარების დასტაბილურების კვალდაკვალ, უძრავ ქონებაზე საგარეო მოთხოვნას შიდა მოთხოვნა ჩაანაცვლებს, ეს კი საშუალოვადიან პერიოდში უძრავი ქონების ფასების ზრდას ნომინალური ეკონომიკური ზრდის პროპორციულს გახდის.
როგორც სებ-ის ფინანსური სტაბილურობის ანალიზისა და მაკროფინანსური მოდელირების განყოფილების უფროსმა მარიამ ხარაიშვილმა გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განმარტა, უძრავ ქონებაზე ფასის მაღალი ზრდა განპირობებული იყო ისეთი ფაქტორებით, როგორიც არის მაღალი ეკონომიკური აქტივობა, წლის დასაწყისში გაზრდილი სამშენებლო მასალის ფასები გლობალურად გამკაცრებული ფინანსური პირობების ფონზე და ამასთან გაზრდილი მოთხოვნის ხარჯზე, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე მიგრანტების მხრიდან.