მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სებ-ის რეგულაციების ახალი პროექტით კმაყოფილები ვართ"

5bed8dc56b148
ელენე გოგბერაშვილი
15.11.18 19:15
918
მიკროსაფინანსო სექტორის წარმომადგენლების ნაწილი ამბობს, რომ სებ-ის რეგულაციების ბოლო ვერსია გაცილებით დაბალანსებულია და ასახავს იმ შეთანხმებებს, რომელსაც კერძო სექტორმა მიაღწია მარეგულირებელთან. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ ხელმძღვანელი, არჩილ ბაკურაძე bm.ge-თან განმარტავს, რომ სესხის მომსახურების კოეფიციენტის ზრდას სექტორზე ნეიტრალური ეფექტი აქვს, თუმცა დაკორექტირებული კოეფიციენტები მეტი ლავირების საშაუალებას მისცემთ როგორც მსესხებლებს, ისე საფინანსო სექტორს. მათთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო, რომ სებ-თან შეთანხმება შედგა, ე.წ სქორინგის სისტემის შენარჩუნებასთან დაკავშირებით.

„ეს არის ბევრად დაბალანსებული ვერსია, სადაც ყველა ის კრიტიკული თემა, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო არის გათვალისწინებული. იმ სექტორებში, სადაც დასაბუთებული და დოკუმენტირებული შემოსავალი არ არსებობს ეროვნული ბანკი წამოვიდა იმაზე, რომ აღიაროს სხვა შემოსავლები ჩვენი მეთოდოლოგიის მიხედვით.
გარკვეული დათმობა გაკეთდა სტატისტიკური მოდელების ე.წ სქორინგის მოდელების გამოყენებაზე, თუმცა ძალიან მკაფიოდ ჩაიდო ეროვნული ბანკის მოთხოვნა, რაც ჩვენთვის ცნობილი იყო, რომ სქორინგის მოდელები უნდა ითვალისწინებდეს და უნდა ასახავდეს მომხმარებლის შემოსავლის დადგენის შესაძლებლობას.

ვიცით, რომ ამ რეგულაციებს, შესაძლოა, გარკვეული ფინანსური ეფექტი ჰქონდეს მომავალ წელს და შემდგომ კიდევ, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში ეს ცვლილება მოემსახურება ჩვენი ბაზრის უფრო ჯანსაღ და სიცოცხლისუნარიან განვითარებას, ამიტომ საბოლოო ჯამში კმაყოფილები ვართ“, - აცხადებს არჩილ ბაკურაძე.
საფინანსო სექტორს რეგულაცების ძალაში შესვლამდე რამდენიმე კვირა რჩებათ დამატებითი კითხვებისთვის და კომენტარებისთვის. ამის შემდეგ მოაწერს ხელს ბრძანებას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და რეგულაცია 2019 წლის იანვრიდან ერთდროულად გავრცელდება როგორც საბანკო, ისე მიკროსაფინანსო სექტორზე.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები