საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოში 4 ვაკანტური პოზიციაა, მათ შორის ვაკანტურია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოზიციაც, რის გამოც მის მოვალეობას ახალი კანონის შესაბამისად, მისი პირველი ვიცე-პრეზიდენტი ნათია თურნავა პრეზიდენტის უფლება-მოვალეობებს ასრულებს.
ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის თანახმად, საბჭო 9 წევრისგან შედგება, ამჟამად ის მხოლოდ 5 წევრისგან არის დაკომპლექტებული. BMG-ის კითხვაზე - ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს პარლამენტისთვის საბჭოს კანდიდატების წარდგენის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ნათია თურნავა პასუხობს, რომ ეს საკითხი მის კომპეტენციას სცილდება, ხოლო თავად სებ-ის საბჭო ქმედუნარიანია.
“დღეს საბჭო ქმედუნარიანია, შევსებულია იმდენად, რამდენადაც მის ქმედუნარიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას, საბჭოს თითოეული წევრი მოტივირებულია და საბჭოს სხდომებსა და მუშაობის პროცესში მაქსიმალურ კონტრიბუციას ახდენს. ჩვენ რაიმე დამატებითი კომუნიკაცია არ გვქონია, მით უფრო რომ ეს საკითხი ჩვენს კომპეტენციებს აღემატება”, - განაცხადა ნათია თურნავამ.
ნოემბერში ეროვნულმა ბანკმა საბჭოს ორი აღმასრულებელი წევრი აირჩია - ვიცე-პრეზიდენტების პოსტები ეკატერინე მიქაბაძემ და ეკატერინე გალდავამ დაიკავეს. თეიმურაზ ხომერიკი და ნანა ყეინიშვილი კი საბჭოს არააღმასრულებელი წევრები არიან.
2023 წლის სექტემბერში სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით გამოცემული საგამონაკლისო ბრძანების მიმართ პროტესტის ნიშნად, ეროვნული ბანკის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა, პაპუნა ლეჟავამ და ნიკოლოზ გაგუამ თანამდებობები დატოვეს.
ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის თანახმად სებ-ის საბჭოს წევრების წარდგენის უფლებამოსილება საქართველოს პრეზიდენტს აქვს.