მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ის საბჭოს წევრი პროფესიონალი და პატრიოტი უნდა იყოს - ირაკლი ზარქუა

ირაკლი ზარქუა

"კანდიდატი პროფესიონალი და თავისი ქვეყნის პატრიოტი უნდა იყოს", - ეს ორი ძირითადი კრიტერიუმია, რასაც დეპუტატ ირაკლი ზარქუას აზრით, ეროვნული ბანკის საბჭოს მომავალი წევრები უნდა აკმაყოფილებდნენ. "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრის თქმით, სებ-ის საბჭოს წევრმა სხვა ქვეყნის ინტერესები არ უნდა გაატაროს.

"თუ კანდიდატები წარმოადგინა [სალომე ზურაბიშვილმა], მოვუსმენთ, განვიხილავთ. კანდიდატი პროფესიონალი და თავისი ქვეყნის პატრიოტი უნდა იყოს. არა უცხო ქვეყნის დაკვეთებზე მომუშავე, არამედ საკუთარი ქვეყნის ინტერესების გამტარებელი.

- რომელი ქვეყნის?

- ყველაფერს ვერ ვიტყვი.

- ვის დაკვეთებზე არ უნდა იაროს?

- ქვეყნის ინტერესების გამტარებელი უნდა იყოს", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

აქმე ის არის, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის 4 ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატურების შერჩევის პროცესი დაიწყო. განცხადებების მიღება 23 თებერვალს დასრულდება. კონსტიტუციის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატურებს საქართველოს პარლამენტს წარუდგენს.

2023 წლის ნოემბერში ეროვნულმა ბანკმა საბჭოს ორი აღმასრულებელი წევრი აირჩია. ვიცე-პრეზიდენტების პოსტები ეკატერინე მიქაბაძემ და ეკატერინე გალდავამ დაიკავეს. თეიმურაზ ხომერიკი და ნანა ყეინიშვილი კი საბჭოს არააღმასრულებელი წევრები არიან. მანამდე, სექტემბერში სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულებაზე გამოცემული საგამონაკლისო ბრძანების მიმართ პროტესტის ნიშნად, ეროვნული ბანკის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა: არჩილ მესტვირიშვილმა, პაპუნა ლეჟავამ და ნიკოლოზ გაგუამ თანამდებობები დატოვეს.

ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ სამივე ვიცე-პრეზიდენტსა და სალომე ზურაბიშვილს ეროვნული ბანკისა და ქვეყნის ჩამოშლა სურდათ. დეპუტატის თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა სებ-ის პარალიზება სცადა.

"ქალბატონმა სალომემ თავის დროზე ეროვნული ბანკის პარალიზება სცადა. ერთი დირიჟორი ჰყავდათ გარკვეულ ჯგუფებს, მათ შორის, ეროვნულ ბანკშიც იყვნენ წარმოდგენილები. ერთ დღეს სამივე ვიცე-პრეზიდენტმა პოსტი რომ დატოვა, ამით პარალიზება სცადეს [ეროვნული ბანკის]. შემდეგ [სალომე ზურაბიშვილმა] ორი კანდიდატი, რომელიც მანამდე წარადგინა, უკან გაიწვია. შემდეგ ისინი დაიბარა და უთხრა: უარი თქვით. რატომ? სავარაუდოდ, ჰპირდებოდა, სებ-ის პრეზიდენტად წარგადგენთო. პარალიზება უნდოდა [სალომე ზურაბიშვილს]. ერთი ხელწერა იყო, ჩამოეშალათ ჩვენი ქვეყანა, ეკონომიკა, ეროვნული ბანკი. ამის საშუალება არ მიეცათ", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები