"საქართველოს პარლამენტს ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით არცერთი პუნქტი არ მიუღია, რომელიც პირადად ჩემი მხრიდან შეჯერებული და შეთანხმებული არ იყო ოთხ უმსხვილეს ინსტიტუტთან“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა „ბიზნესკონტრაქტის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ეროვნული ბანკის შესახებ კანონის პირვანდელ ვერსიაში ბევრი ცვლილება შევიდა. უსუფაშვილის განმარტებით ცვლილებები დონორების რეკომენდაციებით მომზადდა.
"საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პარლამენტში შემოდის ძალიან ხშირად ნედლია და ხშირად მას გავლა, დაზუსტება, გამართვა სჭირდება. მთავარი ისაა, პარლამენტში ჩვენ გვაქვს თუ არა მექანიზმები იმისთვის, რომ დაინტერესებულმა პირებმა თავიანთი შენიშვნები და მოსაზრებები მოგვაწოდონ. ვერავის ვერ შევპირდები - ვერც ჟურნალისტებს, ვერც ბიზნესმენებს, ვერც ექიმებსა და პედაგოგებს, რომ ჩვენი მიღებული ყველა კანონი ყველას ერთნაირად გაახარებს და მოეწონება.
შრომის კანონთან მუშაობისას იყო აბსოლუტურად დიამეტრიულად განსხვავებული პოზიციები დამქირავებლის და დაქირავებულის. ჩვენი, პარლამენტის ამოცანაა ღია ვიყოთ და მოსაზრებები მივიღოთ. საქართველოს პარლამენტი გახსნილობის თვალსაზრისით მსოფლიოში აღიარებული იქნა მიწინავე, ნომერ პირველ პარლამენტად სწორედ იმ მექანიზმების გამო, რაც ჩვენ დავნერგეთ იმისთის რომ ყველამ თავისი ხმა მოგვაწვდინოს დონორმაც, ბიზნესმენმაც და მოქალაქემაც", - განაცხადა უსუფაშვილმა.

























