საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს 2025-2027 წლების საბაზრო ქცევის ზედამხედველობის სტრატეგიას. სებ-ის თანახმად, სტრატეგიის მიღება ხელს შეუწყობს მოსახლეობისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს ეროვნული ბანკის ხედვაზე, პრიორიტეტებსა და გეგმებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. ასევე, აღნიშნული მიმართულებით საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის ეფექტურ დაგეგმვასა და სამომავლო აქტივობებზე ფინანსური ორგანიზაციების ინფორმირებულობის ზრდას.
სტრატეგიას თან ერთვის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას მიმართვაც, რომელიც აღნიშნავს რომ სტრატეგიის მიღება მომხმარებელთა დაცვის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
"მომხმარებელთა უფლებების დაცვა საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს, რომლის შესასრულებლად საქართველოს ეროვნული ბანკის მიდგომები და შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩო მუდმივად ვითარდება. 2023 წლის სექტემბრიდან მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის ფარგლებში, საბაზრო ქცევის ზედამხედველობის განყოფილება ცალკე მიმართულებად ჩამოყალიბდა და საბაზრო ქცევის ზედამხედველობის სტრატეგიაც შემუშავდა.
სტრატეგია ხელს შეუწყობს მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის ეფექტურ დაგეგმვას, თანამშრომლებისათვის სამომავლო ხედვის ცხადად ჩამოყალიბებას, დაგეგმილ აქტივობებზე ფინანსური ორგანიზაციების ინფორმირებულობის ზრდას, მოსახლეობისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს ეროვნული ბანკის პრიორიტეტებსა და გეგმებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას," - აღნიშნავს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.
სტრატეგიის თანახმად, ეროვნული ბანკის 2025-2027 წლების პრიორიტეტები შემდეგნაირად განისაზღვრა:
• რისკებზე დაფუძნებული ზედამხედველობის გაძლიერება;
• საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებთან/პრაქტიკებთან დაახლოება;
• საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფუნქციის გაძლიერება და გამჭვირვალობის ზრდა.




























