მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სებ-ის წარმომადგენელი: სებ-ი უფლებამოსილია, მოეთხოვა ხაზარაძის და ჯაფარიძის გათავისუფლება

5c6d80280d264
შოთა ტყეშელაშვილი
20.02.19 20:51
2442
ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) პრეზიდენტის მაიკლ ქოუგილის განცხადებას, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გათავისუფლებაზე სავარაუდოდ, პროცედურულად არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, სებ-ის წარმომადგენელი გამოეხმაურა.

AmCham-ის ოფიციალურ facebook გვერდზე სებ-ის წარმომადგენელმა კომენტარის სახით დაწერა, რომ მაიკლ ქოუგილის განცხადება ფაქტობრივად არაზუსტი იყო. 

საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლის ნათია გვაზავას განცხადებით, ორგანული კანონის მიხედვით, სებ-ი უფლებამოსილია, მოითხოვოს სამეთვალყურეო საბჭოს ცალკეული წევრების გაწვევა.

“საქართველოს ეროვნულის შესახებ ორგანული კანონის მიხედვით, სებ-ი უფლებამოსილია, ბანკის შესაბამის ორგანოებს მოსთხოვოს, ცალკეული პირების გათავისუფლება, ამასთანავე, მოახდინოს მათთვის ხელმოწერის უფლების შეჩერება. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნულ პროცესში შესაბამისი მხარეები არიან ჩართული", - ამბობს გვაზავა.

მაიკლ ქოუგილის განცხადებით, ეროვნულმა ბანკმა ხაზარაძის გათავისუფლება სავარაუდოდ, კანონის მოთხოვნების გვერდის ავლით მოახდინა. 

"ისე ჩანს, თითქოს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადაყენების მოთხოვნისას, საკუთარ უფლებამოსილებას გადაააჭარბა, როდესაც მათი გადაყენება შესაბამისი პროცესის გარეშე მოითხოვა,"- ამბობს ქოუგილი.

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის 48-ე მუხლის ე პუნქტის მიხედვით, სებ-ის უფლებამოსილება ასე განისაზღვრება:

“კომერციული ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების ადმინისტრატორებს შეუჩეროს ხელმოწერის უფლება; დააკისროს მათ ფულადი ჯარიმა და მოითხოვოს მათი თანამდებობიდან განთავისუფლება; კომერციულ ბანკსა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას გადაახდევინოს ფულადი ჯარიმა; კომერციულ ბანკსა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას გაუუქმოს შესაბამისი ლიცენზია.”

ეროვნულ ბანკს საქმის დეტალების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია, შესაბამისად, საზოგადოებისთვის ამ დრომდე უცნობია, უშუალოდ რა ქმედებები ჩათვალა სებ-მა კანონდარღვევად. ამ დროისთვის მხოლოდ იურიდიული კომპანია Dentons-ის შეფასება არის ცნობილი, რომლის მიხედვითაც, 2008 წელს განხორციელებული ტრანზაქციები ქვეყანაში მაშინ მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისი იყო.

14 თებერვალს გავრცელებული განცხადების მიხედვით, ეროვნულმა ბანკმა 11 წლის წინანდელი ტრანზაქციების განხორციელებისთვის TBC ბანკის აქციონერთა კრებას 2-თვიანი ვადა მისცა, რათა მათ დაკავებული თანამდებობებიდან გაეწვიათ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.

“ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილისთვის ხელმოწერის უფლების შეჩერების თაობაზე. ამასთანავე, "თიბისი ბანკის" აქციონერთა კრებას მიეცა 2-თვიანი ვადა მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისათვის. ამასთან, ეს გადაწყვეტილება არ ეხება არცერთი აქციოენერის საკუთრებაში არსებულ წილებს ბანკში.

ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია "თიბისი ბანკის" შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერსთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა”,- წერია განცხადებაში.

რა უფლებამოსილება აქვს ეროვნულ ბანკს?

კომერციული ბანკების შესახებ კანონის 30-ე მუხლის მიხედვით, ეროვნულ ბანკს მინიჭებული აქვს არაერთი ტიპის სანქცირების ღონისძიების გამოყენების უფლება. ეს უფლებებია:

2. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, კომერციული ბანკის, მისი ადმინისტრატორებისა და მაკონტროლებელი პირების მიმართ გამოიყენოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სანქციები, თუ ბანკმა, მისმა ადმინისტრატორმა ან მაკონტროლებელმა პირმა:

ა) დაარღვია ამ კანონის ერთ-ერთი დებულება ან ეროვნული ბანკის ნებისმიერი ნორმატივი, ინსტრუქცია, დებულება, წესი, დადგენილება, მოთხოვნა, წერილობითი მითითება;

ბ) დაარღვია რომელიმე პირობა ან შეზღუდვა, რომელიც დართული აქვს საბანკო საქმიანობის ლიცენზიას ან ეროვნული ბანკის შესაბამის დებულებას;

გ) დაარღვია ანგარიშგების წარდგენის ვადები ან წარადგინა არასწორი ანგარიშგება და სხვა არაზუსტი ინფორმაცია;

დ) დაარღვია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები;

ე) დაარღვია „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით ან/და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების შედეგად შეაფერხა ზედამხედველობის პროცესი.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დარღვევის გამოვლენისას ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, თანამიმდევრულად, ხოლო დარღვევისა და კომერციული ბანკის აქტივებთან დაკავშირებით არსებული თუ შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე – არათანამიმდევრულად გამოიყენოს შემდეგი სანქციები:

ა) კომერციულ ბანკს გაუგზავნოს წერილობითი გაფრთხილება;

ბ) დააწესოს სპეციალური ღონისძიებები, კომერციულ ბანკს შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს გარკვეული ტიპის ოპერაციები ან გამოსცეს ინსტრუქცია (მითითება) მოთხოვნით, რომ კომერციულმა ბანკმა შეწყვიტოს და შემდგომ არ დაუშვას ესა თუ ის დარღვევა და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში მიიღოს დარღვევის აღმოსაფხვრელად აუცილებელი ზომები;

გ) კომერციულ ბანკს დააკისროს ფულადი ჯარიმა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს ბანკის საკუთარი სახსრებისა;

დ) კომერციულ ბანკს გადაახდევინოს ფულადი ჯარიმა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით, თუ ადმინისტრატორის ქმედებამ ფინანსური ზარალი მიაყენა ბანკს ან დაუშვა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საბანკო საქმიანობის მარეგულირებელი წესებისა და მოთხოვნების დარღვევა;

ე) ადმინისტრატორს შეუჩეროს ხელმოწერის უფლება და კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს მოსთხოვოს მისი თანამდებობიდან დროებით გადაყენება ან თანამდებობიდან გათავისუფლება;

ვ) სამეთვალყურეო საბჭოს და დირექტორატს მოსთხოვოს კომერციული ბანკის აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევა დარღვევათა განსახილველად და მათ აღმოსაფხვრელად აუცილებელი ზომების მიღება;

ზ) კომერციულ ბანკს შეუჩეროს ან შეუზღუდოს აქტივების ზრდა, მოგების განაწილება, დივიდენდებისა და პრემიების გაცემა, ხელფასების გაზრდა და დეპოზიტების მოზიდვა;

თ) შემოიღოს დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმი იმ კომერციული ბანკის მიმართ, რომელსაც აქვს ან შეიძლება შეექმნას მნიშვნელოვანი ფინანსური სირთულეები (რაც შეიძლება გამოიხატოს მოგებიანობის სუსტი მაჩვენებლებით, საზედამხედველო კოეფიციენტების დარღვევით), ან რომელიც გადახდისუუნაროა, ან რომლის რისკების სუსტი მართვის მოდელმა და არაჯანსაღი საქმიანობის პრაქტიკამ (რაც შეიძლება გამოიხატოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით, შიდა კონტროლის სისტემების არაადეკვატურობით, დარღვევების აღმოფხვრისათვის მენეჯმენტის უმოქმედობით, სხვა საფრთხის შემცველი ქმედებით) შეიძლება მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნას კომერციული ბანკის ან საბანკო სექტორის სტაბილურ ფუნქციონირებას, კომერციული ბანკის მეანაბრეთა ან სხვა კრედიტორთა ინტერესებს;

ი) კომერციული ბანკის მაკონტროლებელ პირს მოსთხოვოს კონტროლის გაუქმება ან შეზღუდვა ეროვნული ბანკისათვის საფინანსო ან სხვა ინფორმაციის მიუწოდებლობის ან სხვა დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში. ასეთ გაუქმებას ან შეზღუდვას უნდა ახლდეს პირობები და ვადები, რომლებსაც ეროვნული ბანკი საჭიროდ მიიჩნევს არსებული გარემოებებიდან გამომდინარე;

კ) კომერციულ ბანკს გაუუქმოს საბანკო საქმიანობის ლიცენზია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები