საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, სებ-მა 6 კომერციული ბანკი ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის საზედამხედველო ჩარჩო დოკუმენტის მოთხოვნების დარღვევისთვის 596,000 ლარით დააჯარიმა.
დაჯარიმებული ბანკების სახელები კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს. ამავე მოთხოვნების დარღვევისთვის 2 მიკროსაფინანსო ორგანიზაციას და 38 სავალუტო ჯიხურს 748,300 ლარი დაეკისრათ.
ეროვნული ბანკის განმარტებით, 2018 წელს ადგილზე შემოწმებისას აქცენტი გაკეთდა შემდეგი თემების შესწავლაზე:
• კლიენტების რისკის მიხედვით, კლასიფიკაციის პროცესი და რისკის შესაბამისი due diligence ზომები;
• რთული მფლობელობის სტრუქტურის მქონე კომპანიების ბენეფიციარი მესაკუთრე პირების დადგენის პროცესი;
• პოლიტიკურად აქტიურ პირებთან მიმართებაში კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების შესრულების პროცესის ეფექტურობა;
• გარიგებების შესახებ ფინანსური ინსტიტუტის ცოდნა, მათ შორის, გზავნილის სისტემით განხორციელებული ტრანზაქციების რისკების მართვის პროცესის ეფექტურობა;
• საკორესპონდენტო ურთიერთობებთან დაკავშირებული კონტროლის მექანიზმების ადეკვატურობა;
• პროგრამული უზრუნველყოფის ადეკვატურობა, სასწავლო პროცესის ეფექტურობა და სხვა.
ფინანსური ინსტიტუტების საქმიანობაზე ზედამხედველობის პროცესის ეფექტიანად წარმართვის უზრუნველსაყოფად, 2018 წელს, ფულის გათეთრების ინსპექტირებისა და
ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ დაინერგა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების დისტანციური ზედამხედველობა. დისტანციური ზედამხედველობა უზრუნველყოფს
პრობლემური ინსტიტუტის ან ინსტიტუტის შიგნით არსებული რისკების იდენტიფიცირებას და იდენტიფიცირებული რისკების შესაბამისი საზედამხედველო ღონისძიებების განსაზღვრის ხელშეწყობას.
წლის განმავლობაში ასევე განხორციელდა 4 საბროკერო კომპანიის და 4 რეგისტრატორის შემოწმება, სადაც დაკისრებულმა საჯარიმო სანქციების ჯამურმა მოცულობამ 107,500 ლარი შეადგინა.
სებ-ის ინფორმაციით, 2018 წლის ბოლოს, ასევე, დაიწყო 9 საგადახდო მომსახურების პროვაიდერის შემოწმება. "საგადახდო მომსახურების პროვაიდერების სექტორის რისკის გათვალისწინებით, აღნიშნული შემოწმებები კომპლექსური ხასიათისაა და მოიცავს შიდა კონტროლის და მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებული ყველა ძირითადი მიმართულების შესწავლას", - ნათქვამია ანგარიშში.

























