TBC ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე იმ გარიგებაზე ისაუბრა, რომელიც 2016 წელს „თიბისი ჯგუფსა“ და ფრანგულ „სოსიეტე ჟენერალს“ შორის შედგა.
კონკრეტულად, ხაზარაძემ იმ პროცესებზე ისაუბრა, რომელიც ბანკ „რესპუბლიკის“ შეძენას უკავშირდებოდა.
ბიზნესმენი ირწმუნება, რომ მას შემდეგ, რაც მან ფრანგულ ფინანსურ კონგლომერატ „სოსიეტე ჟენერალს” ხელი ჩამოართვა, ეროვნული ბანკმა გარიგება გააჩერა, რის შემდეგაც მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა და როგორც თვითონ ამბობს, „საკუთარი გულისტკივილი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ქართულ ბანკს გაფართოების შესაძლებლობა არ ეძლეოდა“.
“მე პირადად გახლდით ჩართული ამ პროცესში. პარიზში წავედი; შევხვდი “სოსიეტე ჟენერალის” გენერალურ დირექტორს, რომელმაც მითხრა, რომ მათ სურდათ გასვლა საქართველოდან და არაერთი შეთავაზება ჰქონდათ, თუმცა რეპუტაციული მდგომარეობიდან გამომდინარე, ისინი ხელშეკრულებას ჩვენთან გააფორმებდნენ. ამ ხელშეკრულებით დავბრუნდი კიდეც. თუმცა სამწუხაროდ, ეროვნულმა ბანკმა გააჩერა ჩვენი გარიგება და გავიგეთ, რომ ერთ-ერთ ჩინური კომპანიას ესაუბრებოდა „სოსიეტე ჟენერალის“ ბანკის ყიდვაზე. ჩვენ ეროვნული ბანკის გარეშე ვერაფერს გავაკეთებდით; მოგვიანებით, მოხდა ჩემი შეხვედრა ბატონ ბიძინასთან და დიმიტრი ქუმსიშვილთან მიმდინარე საკითხებზე იქ უბრალოდ, ჩემი გულისტკივილი გამოვთქვი, თუ რატომ არ გვეძლევა ქართველებს საშუალება, რომ გავფართოვდეთ და ვიყიდოთ სხვა ბანკი-მეთქი. საუბარში ბატონმა ბიძინამ თქვა, რომ ისიც ასე ფიქრობდა და დაადასტურა, რომ სწორედ წარმატებულ ბანკს უნდა გაეკეთებინა ეს გარიგება“, -აცხადებს ხაზარაძე.
შეგახსენებთ: 2016 წელს თიბისი ჯგუფმა და ფრანგულმა „სოსიეტე ჟენერალმა“ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, „თიბისი ბანკმა“ „სოსიეტე ჟენერალის“ 100%-იანი წილიდან ბანკ „რესპუბლიკის“ აქციების 93,64%-ს 315 მილიონ ლარად შეიძინა.

























