მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სებ-მა კომერციული ბანკების მიერ ფილიალებისა და წარმომადგენლობების შექმნის ახალი წესი დაამტკიცა

58abec405852b
BM.GE
21.02.17 13:16
1935
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კომერციული ბანკების მიერ ფილიალების, წარმომადგენლობებისა და სხვა ანალოგიური ქვედანაყოფების შექმნის ახალი წესი დაამტკიცა.

ბრძანების მიხედვით, კომერციულ ბანკს შეუძლია შექმნას ფილიალი, სხვა ანალოგიური ქვედანაყოფი და წარმომადგენლობა როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ.

კომერციულ ბანკს უფლება აქვს შექმნას ფილიალი თუ ფილიალს აქვს შესაბამისი ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფა, ჰყავს კვალიფიციური კადრები და მზადაა კლიენტებსა და სათავო ბანკთან დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების განსახორციელებლად.

საქართველოს ფარგლებს გარეთ ფილიალის შესაქმნელად კომერციულმა ბანკმა თანხმობის მიღების მიზნით უნდა მიმართოს საქართველოს ეროვნულ ბანკს.

კომერციული ბანკი ვალდებულია საქართველოს ტერიტორიაზე ფილიალის ან სხვა ანალოგიური ქვედანაყოფის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება აცნობოს საქართველოს ეროვნულ ბანკს ფილიალის ან სხვა ანალოგიური ქვედანაყოფის ფუნქციონირების დაწყებამდე სულ მცირე 5 (ხუთი) სამუშაო დღით ადრე.

კომერციული ბანკის მიერ წარმომადგენლობის შექმნის შემთხვევაში საქართველოს ეროვნულ ბანკში მის შექმნამდე სულ მცირე 10 (ათი) სამუშაო დღით ადრე წარდგენილი უნდა იქნეს შემდეგი ინფორმაცია: ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება წარმომადგენლობის შექმნის თაობაზე; ინფორმაცია წარმომადგენლობის ადგილსამყოფლის შესახებ; ინფორმაცია წარმომადგენლობის ადმინისტრატორთა (წარმომადგენელთა) შესახებ; წარმომადგენლობის საქმიანობის აღწერილობა და სათავო ბანკის მიერ მისთვის დაკისრებული უფლება-მოვალეობანი.

კომერციული ბანკი ვალდებულია რომელიმე სტრუქტურული ქვედანაყოფის ფუნქციონირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში წერილობით ან ელექტრონული ფორმით აცნობოს საქართველოს ეროვნულ ბანკს.

კომერციულმა ბანკმა საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვიურად უნდა წარადგინოს ბანკის მოქმედი ფილიალების, სხვა ანალოგიური ქვედანაყოფისა და წარმომადგენლობების შესახებ ანგარიშგება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ფორმის შესაბამისად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები