ეროვნულმა ბანკმა ლარიზაციის პროექტის ფარგლებში 70-მდე მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის 450 მილიონი ლარი გამოყო. "საქმის კურსს" უწყებაში განუცხადეს, რომ ლარის რესურსი საფინანსო ორგანიზაციებზე იმის მიხედვით განაწილდა, ვის რა ოდენობის სესხი ჰქონდა გაცემული.
ლარის რესურსის გამოყოფის აუცილებელობა ეროვნული ბანკის მხრიდან მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება და 100 ათას ლარამდე სესხების უცხოურ ვალუტაში გაცემა აიკრძალა.
"გარდამავალ ეტაპზე, იმისათვის, რომ საკანონმდებლო ცვლილებებმა არ გამოიწვიოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის რესურსის გაძვირება, კომერციული ბანკები ვალდებული იქნებიან გალარების მხარდამჭერი ინსტრუმენტით მიღებული, წინასწარ განსაზღვრული ოდენობის ლიკვიდობა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს მიაწოდონ.
თითოეული მიკროსაფინანსო ორგანიზაციისათვის დადგინდა ლიმიტი მის პორტფელში აშშ დოლარის წილიდან გამომდინარე. კომერციული ბანკები, აშშ დოლარის გირაოს გამოყენებით, ზემოხსენებული ლიმიტის 1/12 ნაწილს ყოველთვიურად მიიღებენ ეროვნული ბანკიდან და შემდგომ გადაასესხებენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე",- აღნიშნავდა ეროვნული ბანკი თებერვალში.
მიუხედავად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოყოფილი თანხისა, მიკროსაფინანსოების ნაწილი აცხადებს, რომ დაპირებული თანხა ბანკიდან არ მიუღია.
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლაზიკა კაპიტალის“ ხელმძღვანელი ბესიკ შენგელია „საქმის კურსთან“ აცხადებს, რომ იყო დაპირება, რომ ლარის რესურსი მიეწოდებოდათ იანვარში, შემდეგ გადავადდა თებერვლამდე, შემდეგ კი მაისამდე. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ რესურსი ეროვნული ბანკიდან დღემდე მიღებული არ აქვს, რის გამოც ლარს მხოლოდ კომერციული ბანკებიდან იღებენ, ამან კი ლარის რესურსი მისოებისთვის 2%-ით გააძვირა.
"იცით, რომ შეზღუდვები დაუწესდათ კომერციულ ბანკებსაც და ამიტომ ისინი საკმაოდ აქტიურად მუშაობენ იმ სეგმენტზე, რომელზეც შეზღუდვებია, ვგულისხმობ 100 ათას ლარამდე სესხების მხოლოდ ლარში გაცემას. ანუ ისინი არიან ჩვენი პირდაპირი კონკურენტები. ჩვენ კი დავრჩით კონკურენტებზე დამოკიდებული.
შესაძლებელი იყო ბანკებს ან საერთოდ არ მოეწოდებინათ ჩვენთვის ლარი, ან თუ მოგვაწვდიდნენ ბევრად უფრო სპეკულაციურ ფასში. ამის საფრთხის წინაშე რომ აღმოვჩნდით, თვითონ ეროვნულმა ბანკმაც გააანალიზა. მიხვდნენ, რომ ეს არ იქნებოდა ჯანსაღი კონკურენცია და შეგვპირდნენ, რომ ერთ მხრივ, ბანკებს დაავალებდნენ, რომ გარკვეულ დადგენილ მაჩვენებელზე მაღალ ფასად არ მოგვაწოდებნენ ლარის რესურსს და იმ ბანკებთან, რომლებთანაც ისტორიულად ვთანამშღომლობდით, იმ ბანკებს განუთავსებდნენ რესუსრსს ჩვენთვის მოსაწოდებლად. თუმცა, ეს უნდა მომხდარიყო იანვრის ბოლოს, შემდეგ თებერვალში და ბოლოს მაისის ბოლო გვითხრეს",- აცხადებს შენგელია.

























