ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, რომელიც 8 მაისს იყო დანიშნული, 22 მაისამდე გადაიდო - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი აქვეყნებს. სებ-ის ინფორმაციით აღნიშნული გადაწყვეტილება მომდევნო კვირაში უქმე დღეების გამოცხადებას უკავშირდება.
საქართველოს მთავრობის მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილებით, 2024 წლის 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად განისაზღვრა, შესაბამისად მომდევნო კვირის განმავლობაში საჯარო სექტორი არ იმუშავებს. თუმცა, ოპერირებას არ შეაჩერებენ კომერციული ბანკები, რის შესახებაც ეროვნული ბანკის განცხადებაში არის აღნიშნული.
"სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, 7, 8 და 10 მაისს, ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს ეროვნული ბანკის საგადახდო და ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემები. ნაღდი ფულის ოპერაციები და მონეტარული ინსტრუმენტები კომერციული ბანკებისთვის სრულად ხელმისაწვდომი იქნება. შესაბამისად, მომხმარებლებს საშუალება ექნებათ ამავე პერიოდში გადახდის ოპერაციები შეუფერხებლად განახორციელონ. ასევე, ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციებიც, მათ შორის, TIBR ინდექსისა და ოფიციალური გაცვლითი კურსის გამოქვეყნება,"- ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.