მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-მა ოქტომბერში $591 მილიონი გაყიდა - ინტერვენციების ზუსტი სტატისტიკა ცნობილია

სებ

დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების ოქტომბრის თვის დეტალური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასული თვის განმავლობაში სებ-ის მიერ სავალუტო ბაზარზე გაყიდული თანხა რეკორდულად დიდი იყო და ის 591 მილიონ დოლარს შეადგენდა. მათ შორის სავალუტო ინტერვენციებით $214 მილიონი დოლარი, ხოლო Bmatch პლატფორმით 377.7 მილიონი დოლარი.

ის, რომ ეროვნულმა ბანკმა ოქტომბერში რეკორდული ინტერვენციები განახორციელა, მიმდინარე თვის 8 ნოემბერს გახდა ცნობილი, როდესაც სებ-მა გამოაქვეყნა სავალუტო რეზერვების ანგარიში, რომელიც ოქტომბერში 627 მილიონი დოლარით, 4.08 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, თუმცა უცნობი იყო ამ კლებაში რა წილი მოდიოდა წმინდა ინტერვენციებზე, რაც როგორც სავალუტო აუქციონებს ასევე Bmatch პლატფორმით გაყიდულ სახსრებს მოიცავდა, ახლა კი ცნობილი გახდა, რომ ამ ინტერვენციების ჯამი 591 მილიონი დოლარი იყო. მთლიანად სექტემბერ-ოქტომბერში კი სებ-ის გაყიდვებმა 698 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ასევე ორი თვის ჭრილში რეზერვების ყველაზე დიდი ხარჯვაა ეროვნული ბანკის ისტორიაში.

საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 2024 წლის აპრილში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა განაცხადა, რომ რეზერვების დონე ადეკვატურობის ნიშნულს ჩამოსცდა და მისი შევსება იყო საჭირო. ნოემბერში კი, სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა აღნიშნა, რომ საქართველოს სავალუტო რეზერვების ზომა უფრო მცირეა ვიდრე BB რეიტინგის მქონე სხვა ქვეყნებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები