მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-მა სავალუტო აუქციონზე $70 მლნ გამოიტანა - გაიყიდა $65 მილიონი

სებ

ეროვნულმა ბანკმა დღეს 2024 წლის რიგით მეხუთე სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და აუქციიონზე გასაყიდად 70 მილიონი დოლარი გამოიტანა, საიდანაც ბაზარმა 64.9 მილიონი დოლარი აითვისა. ამასთან, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ 70 მილიონი დოლარის ოდენობის ინტერვენცია სებ-ს აქამდე არასოდეს განუხორციელებია. ეროვნულმა ბანკმა წინა ინტერვენცია გასულ კვირაში განახორციელა, შესაბამისად ამ ორი ინტერვენციის ჯამი 113.4 მილიონ დოლარს შეადგენს.

"2024 წლის 16 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი 70 მლნ. აშშ დოლარიდან აუქციონზე 64 900 000 აშშ დოლარი გაიყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7139 შეადგინა.

სავალუტო ბაზარზე გრძელდება ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციებიდან მომდინარე ეფექტი, რაც ლარის გაცვლით კურსზე ახდენს გავლენას. ჭარბი მერყეობის თავიდან არიდების მიზნით, დღეს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონის გამართვის გადაწყვეტილება მიიღო.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ბოლო პერიოდში სავალუტო ბაზარზე დაფიქსირებული რყევები მაკროეკონომიკურ ფაქტორებს არ უკავშირდება და შესაბამისად, ასეთი მერყეობები მოკლევადიანია.

შეგახსენებთ, რომ მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები ქვეყანაში კვლავ ძლიერია - ბოლო სამი წლის განმავლობაში ფიქსირდება მაღალი ეკონომიკური ზრდა, 2023 წლიდან მოყოლებული ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე დაბალია. წინასწარი მონაცემებით, სექტემბერში საქონლის ექსპორტი 17%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 4.1%-ით შემცირდა, ამასთანავე, საგარეო სავალუტო შემოდინებები ძლიერია, რაც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მდგრად დონეზე შენარჩუნებას უწყობს ხელს,"- ნათქვამიია სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები