„ლარის კურსზე მთავრობის პოლიტიკას და საგარეო დაქტორებს უფრო აქვს გავლენა, ვიდრე სებ-ის ინსტრუმენტებს“, - ამის შესახებ ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე სოციალურ ქსელში წერს.
„სებ-მა დოლარი არ გაყიდა.
ამ განცხადების პირველი წინადადება პასუხია პარლამენტარების, პრემიერ მინისტრის და თბილისის მერის მოწოდებებზე.
წინა კვირაში გაყიდული 33 მლნ დოლარი უფრო სებ-ის „ფრეზენსის“ ჩვენება იყო, რასაც პანიკა უნდა ჩაეცხრო, ნაწილობრივ მაინც მიიღწა, მაგრამ მთავრობამ და სატელიტებმა ტურიზმის დადებითი სტატისტიკაც კი უარყოფითად თარგმნეს, ჯამში, პროცესი დააზარალეს.
სებ-მა თუ ყოველდღიურად ლარის კურსის სიმყარეზე იფიქრა, შემოდგომიდან 3.0-იც სანატრელი გახდება.
მცდარია ამ პროცესში მხოლოდ სებ-ის ინსტრუმენტების იმედად ყოფნა. საბოლოოდ, ლარის კურსზე მთავრობის პოლიტიკას და საგარეო დაქტორებს უფრო აქვს გავლენა, ვიდრე სებ-ის ინსტრუმენტებს.
რეზერვების გაყიდვით მაქსიმუმ სექტემბრამდე ვიქნებით ბედნიერი და საბოლოოდ, ხელოვნურად შენარჩუნებული კურსი მისი მყისიერად და უფრო დიდი მასშტაბით გაუფასურების გარანტი იქნება“, - წერს ნამჩავაძე.
შეგახსენებთ, გუშინ BAG-ის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ განცხადება გაავრცელა, რომლითაც სებ-ს სავალუტო ინტერვენციებისკენ მოუწოდა. მსგავსი შინაარსის კომენტარები კეთდებოდა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდანაც. კერძოდ, იყო განცხადებები იმის თაობაზე, რომ სებ-ს გააჩნია ინსტრუმენტები.
დღის ბოლოსთვის ეროვნულმა ბანკმა განცხადებაც გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ ეროვნული ბანკი, თავისი ფუნქციების აღსრულებისას, დამოუკიდებელია პოლიტიკური თუ სხვა გავლენებისგან და მოქმედებს კონსტიტუციით განსაზღვრული მანდატის ფარგლებში.
„ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის პირობებში, ცენტრალური ბანკების მიზანია კურსის გრძელვადიანი სტაბილურობა, რაც ეროვნული ბანკის ამოცანის - ფასებისა და ფინანსური სისტემის სტაბილურობისათვის აუცილებელი პირობაა. ლარის კურსის მოკლევადიან დინამიკაზე გავლენას ბევრი ფაქტორი ახდენს და რეაგირებაც სხვადასხვა მიმართულებით უნდა განხორციელდეს. ჩვენ ვიმოქმედებთ კურსის გრძელვადიანი სტაბილურობის მიზნებიდან გამომდინარე და დამატებითი ჩარევის აუცილებლობის შემთხვევაში, გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, მათ შორის სავალუტო ინტერვენციებსაც, რათა არ დავუშვათ მაღალი ინფლაცია“, - განაცხადეს სებ-ში.

























