საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონისა და შესაბამისი რეგულაციების დარღვევის გამო ვალუტის გადამცვლელი პუნქტები შპს „მ+“ და შპს „TETIS TRUST“-ი დააჯარიმა. სების გადაწყვეტილებით, ფულადმა ჯარიმამ 228 600 ლარი შეადგინა.
შპს „მ+“-ის დარღვევები და 213 600-ლარიანი ჯარიმა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტით დარღვევები შემდეგია:
- აღრიცხვის წესების დარღვევა: ყველაზე მასშტაბური დარღვევა კლიენტებისა და გარიგებების შესახებ ინფორმაციის სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში აღურიცხაობის 28 ფაქტია. მხოლოდ ამ მუხლით კომპანიას 196 000 ლარის ჯარიმა დაეკისრა.
- პროგრამული უზრუნველყოფის ხარვეზები: დანერგილი პროგრამული სისტემა ვერ უზრუნველყოფს საეჭვო, უჩვეულო და დანაწევრებული გარიგებების გამოვლენას, ასევე ვერ ახდენს პირთა შემოწმებას სანქცირებულთა და პოლიტიკურად აქტიურ პირთა სიებში. ეს დარღვევა 10 000 ლარით შეფასდა.
- ანგარიშგების დარღვევა: ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის ინფორმაციის წარდგენის წესის დაუცველობა (2 ფაქტი) და ინფორმაციის წარუდგენლობა (1 ფაქტი) ჯამში 2 600 ლარი დაჯდა.
- შიდა კონტროლი და იდენტიფიკაცია: შიდა ინსტრუქციის არარსებობისა და კლიენტის საქმიანობის არსის დაუდგენლობის გამო კომპანია დამატებით 5 000 ლარით დაჯარიმდა.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიის წილის 100% ცოტნე დევდარიანს ეკუთვნის და დირექტორიც თავადაა.
შპს „TETIS TRUST“-ის დარღვევები
შპს „TETIS TRUST“-ს ეროვნულმა ბანკმა ჯამში 15 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა, რაც შემდეგი დარღვევებით იყო განპირობებული:
- პროგრამული ხარვეზები: სისტემა ვერ ახდენდა უჩვეულო და ურთიერთდაკავშირებული გარიგებების იდენტიფიცირებას, ასევე პირთა გადამოწმებას შესაბამის „შავ სიებში“ (10 000 ლარი).
- შიდა ინსტრუქცია: კომპანიის შიდა პოლიტიკა არ შეესაბამებოდა კანონმდებლობას და ეყრდნობოდა მოძველებულ ნორმატიულ აქტებს (3 000 ლარი).
- კლიენტის იდენტიფიკაცია: კლიენტის საქმიანობის არსის დაუდგენლობის ერთი შემთხვევა (2 000 ლარი).
კომპანიის წილის 100%-ის მფლობელი ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე მაჯიდ ფოროუზანდეჰ ჰაფშეჯანია. ისაა კომპანიის ერთპიროვნული დირექტორიც.




























