მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ: როგორ შემცირდა უცხოური ვალუტის ჭარბვალიანობა უნგრეთში

5bdab5fe264b6
BM.GE
01.11.18 12:11
945
საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის ფარგლებში, მომხმარებელს უნგრეთის მაგალითს აცნობს, სადაც უცხოური ვალუტის ჭარბვალიანობის პრობლემას მიმოიხილავს.

უნგრეთში 2000-იანი წლების შუა პერიოდში საოჯახო მეურნეობების უცხოური ვალუტით დავალიანება მკვეთრად გაიზარდა. მიუხედვად იმისა, რომ ბანკებმა სესხის გაცემის დროს სავალუტო რისკი მსესხებლებს გადააკისრეს, 2008 წელს ადგილობრივი ვალუტის მკვეთრი გაუფასურების შედეგად, ბანკები თავად აღმოჩნდნენ საკრედიტო რისკის წინაშე. უცხოური ვალუტით კერძო სექტორის დავალიანების ზრდის ძირითადი მიზეზი, განსაკუთრებით ფიზიკური პირებისთვის, იყო ადგილობრივი და უცხოური ვალუტის სესხების საპროცენტო განაკვეთებს შორის დიდი სხვაობა და ზედმეტად ოპტიმისტური განწყობა მომავალი რისკების შესახებ. ამასთან, ადგილობრივ ვალუტით დაფინანსების დაბალი შესაძლებლობა (დანაზოგების დაბალი დონის გამო) ასევე განაპირობებდა მიწოდების მხრიდან ბანკების მიერ უცხოური ვალუტით დაფინანსების აქტიურ გამოყენებას.

2008 წლის გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა, უცხოური ვალუტით გაზრდილი დავალიანების ფონზე, 2008 წლის ოქტომბერში უნგრეთის ადგილობრივი ვალუტის მკვეთრი გაუფასურება განაპირობა (2009 წლის მარტამდე გაუფასურება - ევროს მიმართ 24%, ხოლო შვეიცარული ფრანკის მიმართ 34%). უცხოური ვალუტით ფიზიკური პირების სესხების მოცულობამ მათი ვალდებულებების 70%-ს მიაღწია, ხოლო მთლიანობაში კერძო სექტორის ვალი უცხოური ვალუტით მშპ-ის 30% გახდა. შემდგომ წლებში გაუფასურების ფონზე უცხოური ვალუტით სესხების წილი კიდევ გაიზარდა მშპ-ის 50%-მდე.

უნდა აღინიშნოს რომ კრიზისამდელ პერიოდში კერძო სექტორის დავალიანების დონე არ ყოფილა განსაკუთრებით დიდი სხვა ქვეყნებთან შედარებით. მაგრამ პრობლემის სიმწვავე განაპირობა უცხოური ვალუტით სესხების მაღალმა წილმა, რამაც, კრიზისის შემდეგ, ხელი შეუწყო მოწყვლადობის ზრდას17. საბოლოოდ, გაიზარდა უმოქმედო სესხების წილი საბანკო სისტემაში, რომელმაც 2009 წლისთვის 8%-ს, ხოლო 2013 წელს - 16%-ს გადააჭარბა. უნგრეთის მთავრობა, გამწვავებული სიტუაციის მოსაგვარებლად, იძულებული გახდა განეხორციელებინა რამოდენიმე ღონისძიება, რომლის ერთი ნაწილი ორიენტირებული იყო არსებული ვალების პრობლემის მოსაგვარებლად, ხოლო რეგულაციების მეორე ნაწილი მიზნად ისახავდა უცხოური ვალუტის ახალი სესხების აღების პრევენციას და მდგრადი დაკრედიტების მიღწევას. ის არაორდინარული ნაბიჯები, რომელთა გატარებაც მთავრობას გაზრდილმა რისკებმა აიძულა, დიდ ფისკალურ ტვირთს წარმოადგენდა. გატარებული ღონისძიებების ფონზე ფინანსურ სექტორს, კრიზისისა და თანმდევი რეგულაციების მიუხედავად, არ უზარალია, რამაც დაკრედიტების დამატებითი ვარდნა ააცილებინათ თავიდან. 2014 წელს მთავრობის ინიციატივით განხორციელდა კერძო სექტორის უცხოური ვალუტით არსებული სესხების კონვერსია ადგილობრივ ვალუტაში. ბანკების გახსნილი სავალუტო პოზიციის გაცვლით კურსზე გავლენის შესამცირებლად ცენტრალურ ბანკს მოუწია 10 მლრდ. ევროს ოდენობის სავალუტო ინტერვენცია. საბოლოოდ, ვალის კონვერსიამ შეამცირა ადგილობრივი ვალუტით სესხებზე საკრედიტო რისკი ბანკებისათვის, რამაც ხელი შეუწყო ასევე ქვეყნის რისკ პრემიის შემცირებას და მონეტარული პოლიტიკის გადაცემის მექანიზმის გაძლიერებას. ასევე, სესხების შევიცარული ფრანკიდან ადგილობრივი ვალუტის სესხებად გადაყვანამ მნიშვნელოვნად შეამცირა ახალი კრიზისის განვითარების ალბათობა, 2015 წელს ფრანკის მორიგი გამყარების ფონზე. 2018 წლის I კვარტლის მონაცემებით საოჯახო მეურნეობების ვალი მშპ-სთან მიმართებით შეადგენს 14.7%-ს (მაშინ როდესაც 2010 წელს ის აჭარბებდა 30%-ს19).

2014 წელს უნგრეთი იყო ერთ-ერთი პირველი მზარდი ეკონომიკის ქვეყანა, რომელმაც შემოიღო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეგულაციები და სესხის მომსახურებისა (PTI) და უზრუნველყოფის კოეფიციენტები (LTV), რომლებიც 2015 წლის 1-ლ იანვარს შევიდა ძალაში.

მიუხედავად აღნიშნული რეგულაციებისა, შემცირებული რისკების ფონზე, 2014 წლიდან აღინიშნება ბინათმშენებლობის სექტორში ფასების მნიშვნელოვანი ზრდა, ხოლო 2016 წლიდან - საკრედიტო აქტივობის გამოცოცხლებაც. რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, იგი 2008-2010 წლებში უარყოფითი იყო, რაც გლობალური ფინანსური კრიზისის ასახვა იყო და არა რეგულაციების, ვინაიდან ეს უკანასკნელი მხოლოდ 2010 წლის შემდეგ დაიწყო. ეკონომიკური ზრდა კი სესხის მომსახურებისა და უზრუნველყოფის კოეფიციენტების დაწესების (2014 წლის) შემდეგ, წინა პერიოდებთან შედარებით, მაღალია და საშუალოდ 3.5%-ს შეადგენს, მათ შორის ბოლო 2 წლის განმავლობაში 4%-ს აღემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები