მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერების გადახდისუუნარობის/გაკოტრების პროცესის მართვისთვის საკანონმდებლო ცვლილებები იგეგმება, - აღნიშნულის შესახებ სებ-ი საზედამხედველო სტრატეგიის 2025 წლის გამოცემაში წერს.
საკანონმდებლო ცვლილებები ეროვნული ბანკის თანაავტორობით ჯერ კიდევ 2020-2023 წლებში შემუშავდა, რომელიც დასამტკიცებლად პარლამენტს უნდა წარედგინოს.
ცვლილებებით ეროვნული ბანკის უფლებამოსილების გაფართოება მოხდება, რომლის მიხედვით, სებ-ს მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის გადახდისუუნაროდ ან/და გაკოტრებულად გამოცხადების ერთპიროვნულ უფლებამოსილება მიენიჭება.
“ეს ხელს შეუწყობს მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების პროცესის დროულ და ეფექტიან წარმართვას”, - მიიჩნევს ეროვნული ბანკი.
საკანონმდებლო ცვლილებები სებ-ს შესაძლებლობას მისცემს საზედამხედველო სუბიექტების ლიკვიდატორი დანიშნოს, ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში დროებითი ადმინისტრატორი შეიყვანოს. ეს პირები ანგარიშვალდებულნი ეროვნული ბანკის წინაშე იქნებიან.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად, საქართველოში 29 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა რეგისტრირებული.




























