სებ-თან მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და ლომბარდების წარმომადგენლები აქციას მართავენ. საქართველოს ეროვნულ ბანკთან მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და ლომბარდების წარმომადგენლები აქციას მართავენ. ისინი 2019 წლის 1 იანვრიდან დაგეგმილი, სესხის გამცემი სუბიექტების საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის გადახედვას ითხვენ.
მათ მიაჩნიათ რომ აღნიშნული წესით განსაზღვრული რამდენიმე რეგულაცია, ხელყოფს მათი როგორც სამეწარმეო სუბიექტების ინტერესებს და გამოიწვევს, სესხის გაცემის საქმიანობით დაკავებული მრავალი სუბიექტის ლიკვდაციას ან შეუსაბამოდ მაღალ დანახარჯებს.
მათ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სახელზე ერთობლივი მიმართვა დააგზავნეს, სადაც აფიქსირებენ, რომ მათი მოთხოვნაა რეგისტრაციის წესი ამოქმედდეს კანონის შესაბამისად 2019 წლის 1 იანვრიდან, მაგრამ წესით გათვალისწინებული ზოგიერთი რეგულაცია გადავადდეს და ამოქმედდეს მოვიანებით, თუნდაც სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრაციის დასრულების ვადა, ნაცვლად 2019 წლის 31 მარტისა, გადავადდეს 1 წლით.
რეგულაციის თანახმად, სესხის გამცემი სუბიექტის ფილიალის საოპერაციო ფართი უნდა იყოს არანაკლებ 20 კვ. მეტრისა, იმის გათვალისწინებით, რომ პრაქტიკაში ამ ოდენობის ფართზე ოპერირება არ არის აუცილებელი და საქმიანობის შეუფერხებლად წარმართვა შესაძლებელია შედარებით ნაკლები მოცულობის ფართზე. ისინი სებს სთხოვენ შეამციროს მოთხოვნა 15 კვ.მ.-ზე.
წესის თანახმად, სესხის გამცემი სუბიექტი ვალდებულია განახორციელოს მხოლოდ სესხის გაცემა-ამოღებასთან და მასთან დაკავშირებული საქმიანობა.
"ჩვენი ტიპის ოგანიზაციების უმეტესობა ახორციელებს ასევე ვალუტის გადაცვლის ოპერაციებს და მომხმარებელი ერთი ფანჯრის პრინციპით იღებს ორივე მომსახურებას. იმ შემთხვევაში თუ სესხის გამცემ ორგანიზაციებს არ მიეცემათ, ვალუტის გადაცვლის ოპერაციების წარმოების უფლება კომპანიები იძულებული იქნებიან, დაიქირაონ დამატებითი ფართები, თავიდან მოაწყონ ინფრასტრუქტურა, ან უარი თქვან საქმიანობაზე", - განმარტავენ ორგანიზაციები.
აქციის მონაწილეების ნაწილი ამ დროისთვის ეროვნული ბანკის წარმომადგენლებს ხვდებიან.

























