მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სებ–ის ვიცე–პრეზიდენტი ლარის კურსზე: როცა დაწყნარდება ეს სიტუაცია, უკეთეს დღეს დავინახავთ

5bc60f23b731f
დავით ჯალაღონია
16.10.18 20:14
978
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი მურთაზ კიკორია ლარის გაუფასურებას მაკროეკონომიკურ ფაქტორებს არ უკავშირებს.

„ჩვენი შეფასებით, ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორები არ არის საფუძველი იმისა, რომ ასეთი რყევა არსებობდეს. ჩვენ არ ვთვლით, რომ მოცემულ შემთხვევაში არის რაიმე ისეთი სერიოზული ფაქტორი, რომელიც შესაძლოა, ასეთ რყევას იწვევდეს. შესაბამისად, სამწუხაროდ, ლარს ახასიათებს ასეთი რყევები. აქედან გამომდინარე, ამის საპასუხო ჩვენი სტრატგეგია ცნობილია – ეს არის დოლარიზაციის შემცირება. ჩვენი მთავარი მანდატია ინფლაცია. შესაბამისად, დაბალი ინფლაციის პირობებში, უცხოური ვალუტის სესხების არ არსებობის პირობებში, ლარის რყევა ნაკლებად აისახება მოსახლეობაზე“, – განმარტა კიკორიამ.

ამასთან, სებ–ის ვიცე–პრეზიდენტი ბიუჯეტის არათანაბარი ხარჯვის გაცვლითი კურსის მერყეობაზე უარყოფით გავლენას გამორიცხავს.

„ბიუჯეტის ხარჯვის დინამიკას ლარის გაუფასურებაზე გავლენა არ აქვს. თუ წელს ვერ მოხდება შესაბამისი ხარჯის გაწევა, კორექტორიება შევა ბიუჯეტში, როგორც ეს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განმარტა. შესაბამისად, ვერ ვხედავთ ამ ფაქტორის საფუძველს“, – აღნიშნა მან.

კითხვაზე, რამდენად აისახა საარჩევნო მოლოდინები ლარის გაუფასურებაზე, კიკორიამ პასუხად აღნიშნა, რომ ამ დასკვნის გაკეთება რთულია.

„ძალიან ძნელია ამის თქმა. ფუნდამენტური საფუძვლები არ არის, შესაბამისად, ვთვლით, რომ ეს გარკვეულ მოლოდინებს უკავშირდება. ეს მოლოდინები იმას ნიშნავს, რომ როდესაც დაწყნარდება ეს სიტუაცია, უკეთეს დღეს დავინახავთ“, – განაცხადა კიკორიამ.

ეროვნული ბანკის ბოლო მონაცემებით, 1 აშშ დოლარი 2.69 ლარი ღირს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები