ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვარლამ ებანოიძემ დღეს BMG-ის კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ "ციფრული ლარის" პროექტით ეროვნულმა ბანკმა დააგროვა გამოცდილება მსგავსი პროექტის მართვის მიმართულებით. თუმცა, ებანოიძე აღნიშნავს, რომ ამჟამად ცენტრალური ბანკების მიერ ციფრული ფულის შემოტანის ინიციატივების მიმართ გლობალურად ინტერესი შემცირებულია.
კითხვაზე დაინერგება თუ არა აღნიშნული ტექნოლოგია საქართველოში, ვარლამ ებანოიძე პასუხობს, რომ ის შესაძლოა აღარ დაინერგოს. ამასთან, ებანოიძე აღნიშნავს, რომ ეს გამოცდილება სებ-ს ინოვაციური პროდუქტების რეგულირებაში დაეხმარება.
"ციფრული ლარის ტესტირება შეზღუდულ გარემოში როცა ჩვენ გავტესტეთ ხუთი ეგრეთ წოდებული ქეისი დასრულებულია. ჩვენ ამ ტესტირების ფაზიდან პრაქტიკული გამოცდილება მივიღეთ. ახლა ზოგადი სენტიმენტი მთელ მსოფლიოში ციფრული ვალუტების მიმართ არის შედარებით შენელებული და ჩვენ ამ გამოცდილებას ვიყენებთ ახლა კერძო სექტორის მიმართულებით და ჩვენს რეგულირების ლაბორატორიაში გამოვაცხადებთ ტარგეტული სენდბოქსი ტოკენიზებულ დეპოზიტებზე და ამ ტექნიკურ ცოდნას და გამოცდილებას ვიყენებთ უკვე კერძო სექტორის მიერ გამოშვებული ციფრული, ტოკენიზებული ფულის ექსპერიმენტების თვალსაზრისით.
ჩვენი ჩვენი მიზანი იყო ტექნოლოგიები გაგვეტესტა, ისეთები როგორიცაა ტოკენიზაცია, გონიერი კონტრაქტები. საბოლოო გადაწყვეტილება არასდროს არ იყო მიღებული, რომ ციფრული ლარი დანერგილიყო. საქართველოს კანონმდებლობა ჯერჯერობით მხოლოდ ერთ საგადახდო საშუალებას აღიარებს. მიზანი იყო მაქსიმალურად მწირი რესურსებით თვითონ ტექნოლოგიის შესახებ მიგვეღო შესაბამისი ცოდნა და ახლა ამ ტექნოლოგიას ვიყენებთ, როგორც მოგახსენეთ, ტოკენიზებული დეპოზიტების რეგულირების ლაბორატორიაში.
- ანუ შეიძლება აღარც დაინერგოს ხომ ეს რეალურ რეჟიმში?
დიახ, შეიძლება აღარც დაინერგოს.
პირველ რიგში, დავტესტეთ, როგორ იმუშავებდა შეზღუდულ გარემოში ტოკენიზაციის პროცესები, როგორ იმუშავებდა გონიერი კონტრაქტების პროცესები და თვითონ საჭიროებიდან გამომდინარე, თუ შეიძლება ეს ქვეყანაში როდისმე დადგეს, ჩვენ ამის ცოდნა გვაქვს აკუმულირებული,"- განაცხადა ვარლამ ებანოიძემ.
ეროვნული ბანკი ციფრული ლარის სატესტო პროექტზე ძირითადად 2021-2024 წლებში მუშაობდა.




























