მიწის ნაკვეთი სებ-ს ჰოლდინგური კომპანიის "ლოიალ კაპიტალ გრუპში" შემავალმა შპს "სითი ცენტრმა" მიჰყიდა.
როგორ BM.GE-ს "ლოიალ კაპიტალ გრუპის" ვიცე-პრეზიდენტმა მინდია გადაევმა განუცხადა, ის განხორციელებული ტრანზაქციის დეტალებს ვერ გაასაჯაროვებს, რადგან ეს კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს. გადაევის თქმითვე, სებ-სთვის მის საკუთრებაში არსებული ტერიტორიის სრულად მიყიდვა არ მომხდარა, ჯგუფი ტერიტორიის ნაწილს ინარჩუნებს და ეროვნული ბანკის მომიჯნავედ "ლოიალ კაპიტალ გრუპი" სასტუმროსა და ბიზნეს–ცენტრს ააშენებს, როგორც ამას წლების წინ გეგმავდა. "ლოიალ კაპიტალ გრუპი" ბიზნესმენ რომან ფიფიას ეკუთვნის, რასაც BM.GE–სთან საუბრისას გადაევიც ადასტურებს.
როგორც გადაევი აღნიშნავს, იმ სასტუმროში, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე აშენდება, არ არის გამორიცხული, საერთაშორისო ოპერატორი Hyatt-ი შევიდეს.
"საერთო ინტერესი იყო, დავილაპარაკეთ და ვნახეთ, რომ საინტერესოა. განხორციელებული ტრანზაქცია გარკვეული კომერციული საიდუმლოებაა, თუ საჯარო ინსტიტუტი ამას გააცხადებს, ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ჩვენ ყოველთვის გვქონდა სურვილი, რომ ამ ადგილზე გარკვეული ფინანსური ცენტრი ყოფილიყო. ბევრჯერ, თბილისის ფინანსური ცენტრის მშენებლობის იდეაც გვქონდა. შესაბამისად, თუ ამ ტერიტორიაზე ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტი აშენდება, როგორიც არის ეროვნული ბანკი, ვფიქრობთ, რომ ამით მის ირგვლივ დანარჩენ პროექტებს მნიშვნელობა მხოლოდ გაეზრდება", - განაცხადა გადაევმა.
რაც შეეხება "ლოიალ კაპიტალ გრუპის" საინვესტიციო გეგმებს, რაც სასტუმროსა და ბიზნეს ცენტრის მშენებლობას ეხება, როგორც გადაევი აღნიშნავს, ამ მიზნით, პროექტებისთვის განსაზღვრულ ტერიტორიაზე არქიტექტორთან ერთად კონცეფციისა და განაშენიანების გეგმის დამუშავება მიმდინარეობს, რომელსაც კომპანია მერიას წლის ბოლოსთვის წარუდგენს.
ცნობისთვის: სანაპიროზე, რესტორანი "არაგვის" ნაცვლად, ახალი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა "ლოიალ კაპიტალ გრუპის" მიერ 50 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე რამდენიმე წლის განმავლობაში იგეგმებოდა, თუმცა პროექტი სხვდასხვა მიზეზების გამო ჭიანურდებოდა.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტიდან დღეს ცნობილი გახდა, რომ სებ-ი მალე ახალ სათავო ოფისს ააშენებს. ტექნიკურ დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ პროექტის მშენებლობის 38-44 თვეს შეადგენს. დოკუმენტის თანახმად, ახალი შენობა არის "A კლასის", მისი ჯამური ფართობი კი 17,000 კვ.მ იქნება.
ამ დროისთვის უცნობია, რა ბედი ეწევა იუსტიციის სახლის იმ ფლიგელს, რომელშიც ეროვნული ბანკი არის განთავსებული.