მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„Secret Santa Challenge - გახდი საიდუმლო სანტა” - სოციალურ კამპანიაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია

სოცსანტა

პროექტი „Secret Santa Challenge - გახდი საიდუმლო სანტა” სოციალურად დაუცველი ბავშვების საახალწლო სურვილების ასრულებას მერვე წელია აგრძელებს.

ტრადიციულად, ბაქსვუდის მოხალისეთა კლუბის facebook-გვერდზე 1-ელი დეკემბრიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების მიერ თოვლის ბაბუასთვის დაწერილი წერილები გამოჩნდა.

თბილისის გარდა პროექტში საქართველოს სხვა რეგიონებიც მონაწილეობენ, მოხალისეები ჩართული არიან აფხაზეთიდან, ზუგდიდიდან, ჩხოროწყუდან, წალენჯიხიდან, ტყიბულიდან, დიმიდან, გორიდან, ხაშურიდან, რაც იძლევა უფრო მეტი ბავშვის გახარებისა და საახალწლო ნატვრის ასრულების შესაძლებლობას.

წერილები ეტაპობრივად გამოქვეყნდება ბაქსვუდის მოხალისეთა კლუბის facebook-გვერდზე:

“ძვირფასო თოვლის ბაბუ მე ვარ ანდრია 6 წლის. თოვლის ბაბუ, მე მჯერა, რომ ნამდვილად არსებობ და მჯერა, რომ ჩემ სურვილს ამისრულებ, რადგანაც მე მჯერა შენი არსებობის. თოვლის ბაბუ მე მინდა, რომ ამ ახალ წელს მომიტანო სპორტულები და ბევრი კამფეტები. რადგანაც ჩემ მშობლებს არაქ საშუალება, რომ მიყიდოს საჩუქარი. დიდი მადლობა წინასწარ. მიყვარხარ თოვლის ბაბუ.”- ეს იმ წერილებთაგან ერთ-ერთია, რომელსაც რეგიონებიდან და თბილისის სხვადასხვა დღის ცენტრიდან იღებს ორგანიზაცია.

„სოციალურად დაუცველი ბავშვების საახალწლო ნატვრის ასრულება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია და პროექტში ჩართვა ძალიან მარტივია: მონაწილეობის მისაღებად მომავალმა სანტებმა მათ მიერ შერჩეული წერილის ქვეშ უნდა დატოვონ კომენტარი: “მე გავხდები (ნინოს/საბას) საიდუმლო სანტა”. ამის შემდეგ ჩვენ მათ ვუკავშირდებით და დამატებით ინფორმაციას ვაწვდით ბავშვისა და პროექტის შესახებ. იმ ადამიანებს, რომლებიც წერილის შერჩევასა და საჩუქრის შეძენას ვერ ახერხებენ, შესაძლებლობა აქვთ, პროექტის განხორციელებას მხარში ფინანსურად დაუდგნენ.

მას შემდეგ რაც ყველა სურვილის ამსრულებელი გამოჩნდება, საჩუქრით დახუნძლული ელფები თბილისში, დღის ცენტრებში, ესტუმრებიან ადრესატებს და გადასცემენ საჩუქრებს, გაუხალისებენ დღეს, რეგიონებში კი სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართება“, - ამბობენ სოციალური სანტას ორგანიზატორები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები