მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“სეგმენტირებულად უნდა შევუტიოთ ამ ბაზარს”- ჩინეთში ქართული თაფლის და ფრინველის ხორცის ექსპორტის დაშვება იგეგმება

ჩინეთი ექსპორტი

საქართველო-ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილებები შედის - შესაბამისი შეხვედრა ეკონომიკის სამინისტროში შედგა.

უწყების მხრიდან გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ შეთანხმების მოდერნიზაცია განხორციელდა ელექტრონული ვაჭრობის, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების, სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომების და ინვესტიციების ხელშეწყობის მიმართულებით.

მათივე თქმით, ასევე განხილულ იყო საქართველოში წარმოებული თაფლისა და ფრინველის ხორცის ჩინეთის ბაზარზე დაშვების საკითხები.

SavvY-ის ასოცირებული პარტნიორი გიორგი გუდაბანძის თქმით, თაფლის და ფრინველის ხორცის ჩინეთის ბაზარზე შესასვლელად ბიზნესს კონკრეტულ მოთხოვნებზე მორგება და ლოგისტიკის გამოწვევების დალაგება მოუწევს. SavvY-ის ასოცირებული პარტნიორი გვიხსნის, რომ გამოწვევა იქნება მიწოდების უწყვეტი ჯაჭვის შენარჩუნება, რადგან წარმადობის თვალსაზრისით ქვეყანაში პრობლემებია.

“ჩვენ არ გვაქვს იმ მასშტაბის წარმოება, განსაკუთრებით ამ პროდუქტების შემთხვევაში, რომ ჩინეთის ბაზარზე მოთხოვნა სრულად დავაკმაყოფილოთ. ეს რა თქმა უნდა, ილუზიაა და არასწორი მოლოდინები არ უნდა შევქმნათ. შესაბამისად, საჭიროა რომ ძალიან სეგმენტირებულად შევუტიოთ ამ ბაზარს და ვეძიოთ ისეთი მომხმარებლები, რომლებიც იქნებიან ჩვენს წარმოებაზე მორგებული. თაფლის და ფრინველის ხორცის წარმოებებს ვგულისხმობ.

ეს გამოწვევაა, ვინაიდან და რადგანაც დიდი შემსყიდველები, მაგალითად, როგორიც არის საცალო ქსელები, თუნდაც ჰორეკა სექტორი, ყოველთვის ეძებენ ისეთ მომწოდებლებს, რომლებსაც, შეუძლიათ, მაგალითად, კალენდარული წლის განმავლობაში უწყვეტად მიაწოდონ პროდუქტი. ეს ზოგადად პატარა ქვეყნის და პატარა წარმოების გამოწვევაა, თუმცა ეს შეიძლება ითქვას, რომ რაღაც უპირატესობად უნდა ვაქციოთ, ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ ძალიან სეგმენტირებულად, ტარგეტირებულად უნდა ვეძიოთ ისეთი შემსყიდველები, რომლებიც ჩვენს წარმოებას, არსებულ საწარმოს შესაძლებლობებს მოერგებიან,”- ამბობს SavvY-ის ასოცირებული პარტნიორი გიორგი გუდაბანძე.

მისივე თქმით, გამოწვევებს შორისაა ტრანსპორტირების საკითხიც. გიორგი გუდაბანძე განმარტავს, რომ პროდუქციის შენახვის ვადების გათვალისწინებით ამ მხრივ უფრო რთული ქათმის ხორცის მიწოდება იქნება, რადგან მიწოდების ჯაჭვის უწყვეტობის მხრივ თაფლი ნაკლებად მალფუჭებადი პროდუქტია.

“რაც შეეხება ლოგისტიკას, რა თქმა უნდა, ეს ასევე გამოწვევაა, ვინაიდან და რადგანაც დისტანცია, რომელიც საქართველოს ჩინეთთან აშორებს საკმაოდ დიდია, თუმცა თაფლის შემთხვევაში ძალიან კარგი გარემოება გვაქვს, ის, რომ პროდუქტი არ არის მალფუჭებადი, ის უძლებს შორ მანძილზე გადაზიდვას, ამიტომაც ამ მხრივ დიდი პრობლემა არ არის. რაც შეეხება ფრინველის ხორცს, აქ უკვე შედარებით რთულად გვაქვს საქმე, ვინაიდან და თუ საუბარი არის გაყინულ ხორცზე, რა თქმა უნდა, რეფ-კონტეინერები არის საჭირო, რაც თავისთავად უფრო ძვირია და უფრო დიდ დანახარჯებს მოითხოვს,”- ამბობს SavvY-ის ასოცირებული პარტნიორი გიორგი გუდაბანძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები