სეიშელზე, სადაც მოსახლეობის 61.4% აცრილია, ეპიდაფეთქებაა. CNN-ის ცნობით, ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ და „სინოფარმის“ ვაქცინები გამოიყენეს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, აცრილთა ეს რაოდენობა კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის საკმარისი არაა.
სეიშელზე, სადაც 98 000 ადამიანი ცხოვრობს, ამჟამად 2 700-ზე მეტი აქტიური კოვიდ-შემთხვევაა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აქტიური შემთხვევებიდან ინფიცირებულთა 33% ორივე დოზით არის აცრილი. თუმცა, როგორც ჯანდაცვის სპეციალისტები და სეიშელის მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ, შექმნილი ეპიდვითარება არ ნიშნავს იმას, რომ „ვაქცინა არ მუშაობს“.
„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, მას შემდეგ რაც ვაქცინაცია ჩატარდა, ადამიანები ხედავენ, რომ ვინც ინფიცირდება, არავინ ხდება სერიოზულად ავად, არავინ იღუპება ამ ვირუსით, არავის აქვს გართულებები“, - განაცხადა სეიშელის საგარეო საქმეთა და ტურიზმის მინისტრმა სილვესტერ რადეგონდმა. მისივე თქმით, ჯერ უცნობია ზუსტი მიზეზი თუ რამ გამოიწვია ქვეყანაში ეპიდაფეთქება, თუმცა, როგორც მინისტრი ამბობს, ადამიანები იკრიბებიან და ვირუსის გავრცელების პრევენციულ ზომებს არ იღებენ.
ცნობისთვის, დაახლოებით ერთი თვის წინ, გამომდინარე იქიდან, რომ ვაქცინაცია ქვეყანაში აქტიურად მიმდინარეობდა, სეიშელის მთავრობამ შეზღუდვების მოხსნა და ტურისტების შეშვება გადაწყვიტა. აღსანიშნავია, რომ სეიშელის ეკონომიკის 72% სწორედ ტურიზმის სექტორზე მოდის, ამასთან აღნიშნული სექტორი მოსახლეობის 30%-ზე მეტს ასაქმებს.
ბოლო მონაცემებით, სეიშელის კუნძულებზე საერთო ჯამში 9 200-მდე კოვიდ-შემთხვევაა დაფიქსირებული. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსს 32 ადამიანი ემსხვერპლა.