ქართული ტექნოლოგიური კომპანია Self HR უზბეკეთის ბაზარზე ფიზიკური ფილიალის გახსნას და ნახევარ მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. პარალელურად, კომპანია რებრენდინგს იწყებს და Self HR-ის ნაცვლად ყველა ქვეყანაში Semeto-ს სახელით გააგრძელებს ოპერირებას.
როგორც კომპანიის თანადამფუძნებელმა ნინო ფეიქრიშვილმა BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა, ტაშკენტში ოფისის გახსნისთვის ტექნიკური სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. მისი თქმით, ეს კომპანიის პირველი ფიზიკური ფილიალი იქნება საზღვარგარეთ, მანამდე კი Self HR საერთაშორისო ბაზრებს დისტანციურად ემსახურებოდა.
„უზბეკეთი არ არის მარტივი ბაზარი ბიზნესისთვის, თუმცა ჩვენი პროდუქტი იმდენად მოთხოვნადი აღმოჩნდა ამ ბაზარზე, რომ გადავწყვიტეთ პირველი მსხვილი ინვესტიცია განგვეხორციელებინა. ნახევარ მილიონზე მეტ ინვესტიციას ვდებთ ახლა ამ ფილიალის გახსნით და პირველი ნაბიჯების გადადგმისთვის უზბეკეთში. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ქვეყანა ისეთივე მასშტაბებით შეიყვარებს ჩვენს სისტემას, როგორც ეს მოხდა საქართველოში“, - განაცხადა ნინო ფეიქრიშვილმა.
კომპანია უზბეკეთის ბაზარზე პოტენციალს ქვეყნის მასშტაბთან ერთად ტექნოლოგიური პროდუქტების მიმართ მზაობასა და სახელმწიფო მხარდაჭერაში ხედავს. ფეიქრიშვილის განმარტებით, Self HR-ის მიზანია ქვეყანაში მიმდინარე ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის პროცესში მნიშვნელოვანი როლი დაიკავოს.
Self HR-ის საერთაშორისო გაფართოება მხოლოდ უზბეკეთით არ შემოიფარგლება. კომპანიის სისტემა უკვე გამოიყენება აზერბაიჯანში, სომხეთსა და პოლონეთში, ჯამში კი პლატფორმას 5 ქვეყანაში 1 500-ზე მეტი პარტნიორი ორგანიზაცია იყენებს. ამასთან, ხუთი წლის შემდეგ კომპანია მხოლოდ HR მიმართულების ციფრულ მართვაზე აღარ არის კონცენტრირებული. სწორედ პროდუქტის გაფართოებამ განაპირობა ახალი ბრენდის შექმნაც - Self HR, Semeto ხდება, რომლის სახელწოდებაც, Self Managed Ecosystem for Teams and Operations-ის აბრევიატურაა.
„ეს არ არის უბრალოდ რებრენდინგი, სახელის ცვლილება ან ვიზუალის ცვლილება. ამ ყველაფერთან მივედით პროდუქტით. წლების განმავლობაში იცვლებოდა პროდუქტი, იმიტომ რომ ჩვენ მუდმივად ვისმენთ მომხმარებლების საჭიროებებს და ამ საჭიროებების მიხედვით ვავითარებთ. ხუთი წლის თავზე აღმოჩნდა, რომ ჩვენს სისტემაში გაჩნდა ისეთი მოდულები, რომლებიც HR-თან აღარ არის დაკავშირებული. ბოლო რამდენიმე თვეა ვიმუშავეთ ახალ პროდუქტებზე, როგორიც არის პროექტების მართვა, დავალებების მართვა, შეფასებები. პროექტების მართვა კი ნიშნავს, რომ ყველა გუნდი ერთ სისტემაში არის თავმოყრილი და აბსოლუტურად ყველა პროცესი შეიძლება ამ სისტემით იმართებოდეს“, - აღნიშნა ფეიქრიშვილმა.
ახალი პლატფორმა უკვე არა მხოლოდ HR-ის, არამედ ფინანსების, ბუღალტერიის, მარკეტინგის, გაყიდვებისა და საოპერაციო გუნდების პროცესების მართვასა და ერთმანეთთან დაკავშირებას ითვალისწინებს. Self HR კი როგორც ის ამბობს, Semeto-ს შიდა ქვებრენდად დარჩება.
აღსანიშნავია, რომ Semeto ახალი სახელით უკვე წარმოდგენილია უზბეკეთში, მათ შორის ტაშკენტში მიმდინარე ICT Week-ის გამოფენაზე. კომპანია ახალი ბრენდით საქართველოსა და სხვა საერთაშორისო ბაზრებზეც გააგრძელებს ოპერირებას.
კომპანიის პორტფელში სხვადასხვა ზომის ორგანიზაციებია - მათ შორის 7-კაციანი კომპანიებიც და 10 000-ზე მეტი თანამშრომლის მქონე ორგანიზაციებიც. სექტორების მიხედვით კი მომხმარებლებს შორის არიან საცალო ვაჭრობის, სტუმარმასპინძლობის, წარმოების, ფინანსური და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები.
ფეიქრიშვილის განცხადებით, 2021 წელთან შედარებით საქართველოში ბიზნესების დამოკიდებულება ციფრული პროდუქტების მიმართ მნიშვნელოვნად შეიცვალა და კომპანიები უკვე თავად მიმართავენ Self-ს ახალი ფუნქციონალისა და გადაწყვეტილებების მოთხოვნით.
„2021 წლის პერიოდს ვერც შევადარებ, იმიტომ რომ მაშინ ალბათ სისტემის 40%-ს ფუნქციონალს იყენებდნენ და ძალიან გვიჭირდა, რომ დამატებითი სხვა ბიზნეს პროცესების გაციფრულებაზე გვესაუბრა. დღეს ძალიან შეცვლილია ბაზარი და მიხარია, რომ ამ ტრანსფორმაციაში ჩვენმა კომპანიამ ძალიან დიდი წვლილი ითამაშა. საქართველოს ბაზარზე 1 500 კომპანიას ემსახურებოდე ხუთი წლის განმავლობაში ძალიან დიდი ციფრია. დღეს პირიქით შეიძლება ითქვას, რომ აქეთ მოდის ინიციატივები - გვეუბნებიან, რაღაც ახალი ხომ არ დავამატოთ. ალბათ ორ-სამ თვეში ერთხელ მსხვილი ვორქშოფები ტარდება ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, რომ ვიმსჯელოთ, ახალი რა უნდა დავამატოთ და რა უნდა შეიცვალოს“, - განაცხადა ნინო ფეიქრიშვილმა.






















