მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სელფი მობაილის მდგრადობის სტრატეგია და როლი ევროინტეგრაციის პროცესში

ია მამეიშვილი
01.08.24 12:51
456
სტატიაში საუბარია:

სელფი მობაილი ქართული კომპანიაა, რომელიც აბონენტებს მობილური კავშირით უზრუნველყოფს. სელფი აერთიანებს ადგილობრივ ტელეკომ ინდუსტრიაში დაგროვებულ მრავალი წლის გამოცდილებასა და მნიშვნელოვან საერთაშორისო პრაქტიკას. კომპანიას ადაპტირებული და დანერგილი აქვს გლობალური ტელეკომ ინდუსტრიის უახლესი სტანდარტები, მათ შორის ბიზნეს ეთიკისა და კომპლაენსის, მომხმარებლის მონაცემების დაცვისა და ბიზნეს პროცესების ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის მიმართულებით. სელფი საქართველოში 1,3 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. კომპანია აქტიურად ვითარდება და, არსებული ქსელის განახლებასთან და გაფართოებასთან ერთად, ერთადერთი ქართული მობილური ოპერატორია, რომელიც საქართველოში ლიცენზირებულ 5G ტექნოლოგიას ნერგავს.

სელფი მობაილი გაეროს გლობალური შეთანხმების წევრი და ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერია. კომპანიას კორპორაციული მდგრადობის მიმართ სისტემური მიდგომა აქვს. ეს მიდგომა ითვალისწინებს ისეთი ინიციატივების მხარდაჭერასაც, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების შემდეგ. კომპანიის მდგრადობის სტრატეგიაზე და ევროინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად ბიზნეს სექტორის როლზე სელფი მობაილის ეთიკისა და კომპლაენსის სამსახურის ხელმძღვანელი ია მამეიშვილი საუბრობს.

როგორია კომპანიის კორპორაციული მდგრადობის სტრატეგია და რა პრიორიტეტები აქვს დასახული სელფი მობაილს ამ სტრატეგიის მიხედვით?

სელფის კორპორაციული მდგრადობა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს: ტექნოლოგიებისა და ინოვაციის მხარდაჭერა, რაც გულისხმობს ისეთი ინიციატივების ხელშეწყობას, რომლებიც ხელს უწყობენ ტექნოლოგიურ წინსვლას; მაგალითად, სხვადასხვა აპლიკაციისა და ტექნოლოგიური გადაწყვეტის შექმნა. ეს მიმართულება ასევე მოიცავს ციფრული უნარებისა და ცოდნის განვითარებას შესაბამისი სემინარებისა და კონკურსების (ჰაკათონების) მეშვეობით. ასევე განათლებაზე წვდომის გაუმჯობესება, რაც გულისხმობს, ძირითადად, ციფრული ეკოსისტემის გამოყენებით ხარისხიანი განათლების ფართოდ გავრცელებასა და მიტანას მოსახლეობის იმ ნაწილამდე, ვისაც ამაზე ყველაზე ნაკლებად მიუწვდება ხელი. აგრეთვე გარემოს დაცვა, რაც მოიაზრებს ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების დანერგვას, ენერგიის მოხმარებას ეკოლოგიურად სუფთა წყაროებიდან და სხვა.

კომპანიას დანერგილი აქვს გლობალური ტელეკომ ინდუსტრიის საუკეთესო სტანდარტები, მათ შორის, ეთიკისა და შესაბამისობის, მომხმარებლის მონაცემების დაცვისა და ბიზნეს პროცესების ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის მიმართულებით. რატომ არის მნიშვნელოვანი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და რა უპირატესობას ანიჭებს ეს სტანდარტები კომპანიას?

კომპლაენს პროგრამის მიზანია შექმნას გამჭვირვალე და პატიოსნებაზე დამყარებული ბიზნეს გარემო როგორც კომპანიის შიგნით, ასევე მის გარეთ. ის მიმართულია თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფაზე როგორც თანამშრომლებისთვის, ისე მომხმარებლებისა და ბიზნესპარტნიორებისთვის. ბიზნეს ეთიკის ნორმებზე დამყარებული საქმიანი პრაქტიკა აჯანსაღებს კომპანიას და მის იმიჯს, ის სანდო და სასურველ პარტნიორად არის მიჩნეული ყველა დაინტერესებული მხარისთვის, მით უფრო, არარეზიდენტ კომპანიებთან თანამშრომლობისას, რომელთა მოთხოვნები და სტანდარტები საკმაოდ მაღალია, რა დროსაც ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს კომპანიის რეპუტაცია, პატიოსნება და გამჭვირვალობის სტანდარტები. კომპანიის რეპუტაციას დიდი ყურადღება ექცევა ასევე დასაქმებულების მხრიდან. მრავალი კვლევა ცხადყოფს, რომ სამსახურის მაძიებელი არჩევანს კომპანიაში არსებული ჯანსაღი სამუშაო გარემოსა და კორპორაციული კულტურის საფუძველზე აკეთებს. სასურველ სამუშაო გარემოს კი დასაქმებისა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობები, პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობები და სწორი ღირებულებები ქმნის.

სელფი მობაილში დანერგილი კომპლაენს პროგრამა ეფუძნება ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო მოსყიდვის აქტის პრინციპებს (US Foreign Corrupt Practices Act). მოგეხსენებათ, დღემდე კორუფცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა მსოფლიოს მასშტაბით. კორუფციასთან ბრძოლაში კი გაერთიანებული ძალებია საჭირო, მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებების გატარება ან სახელმწიფო უწყებებში გატარებული ღონისძიებები საკმარისი არ არის. აუცილებელია ბიზნესი სინქრონულად მიჰყვებოდეს და რიგ შემთხვევებში უსწრებდეს კიდეც ცვლილებებისა და ეფექტიანი მექანიზმების დანერგვას.

რაც უფრო მეტია ღირებულებებზე დაფუძნებული კორპორაციული კულტურის, ეფექტიანი კორპორატიული კომპლაენს პროგრამის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის, კიბერუსაფრთხოების ნორმებისა და მაღალი კორპორაციული მდგრადობის მქონე კომპანიების რაოდენობა ქვეყანაში, მით უფრო მაღალია ქვეყნისა და ასეთი კომპანიების რეპუტაცია, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება საზოგადოების თითოეულ წევრსა და მის კეთილდღეობაზე.

სელფი მობაილი გაეროს გლობალური შეთანხმებისა და UNODC-ის თანამშრომლობით შექმნილი ბიზნესის კეთილსინდისიერების სამუშაო ჯგუფის (Think Lab for Business Integrity) წევრია. მოგვიყევით სამუშაო ჯგუფის შესახებ.

მოხარულნი ვართ, რომ გვაქვს პატივი ვიყოთ ერთადერთი ქართული კომპანია, 25 კომპანიას შორის, რომელიც შეირჩა ბიზნესის კეთილსინდისიერების სამუშაო ჯგუფის წევრად. სამუშაო ჯგუფის მიზანია, წვლილი შეიტანოს გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს მიერ 10 წლის წინ შემუშავებული ანტიკორუფციული ეთიკისა და ბიზნესის შესაბამისობის პროგრამის - პრაქტიკული გზამკვლევის განახლებაში. სახელმძღვანელოს განახლება უკავშირდება გაეროს გლობალური შეთანხმების მე-10 პრინციპის 20 წლის იუბილეს, რომელიც 2024 წლის სექტემბერში ნიუ იორკში გაიმართება. სამუშაო ჯგუფის წევრებისა და ექსპერთა ჯგუფის მიერ შემუშავებული გზამკვლევის სამუშაო ვერსიის წარდგენა სწორედ ამ ღონისძიებისა და გენერალური ასამბლეის ფარგლებში მოხდება. სამუშაო ჯგუფში მონაწილეობისა და გამოცდილების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას სიამოვნებით გაგიზიარებთ სამუშაო ჯგუფის მუშაობის აქტიურ ფაზაში გადასვლის შემდეგ.

2023 წლის დეკემბერში საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო. რატომ არის მნიშვნელოვანი ეს წარმატება ქართული ბიზნეს სექტორისთვის?

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ნიშნავს იმას, რომ ქვეყანამ უნდა განახორციელოს ისეთი პოზიტიური ცვლილებები, რომლებიც მას შესაბამისობაში მოიყვანს ევროკავშირის მოთხოვნებთან და დააახლოებს გაწევრიანებასთან. ევროკავშირის ღირებულებები კი კარგად ვიცით რას წარმოადგენს. ესენია: ადამიანის უფლებების პატივისცემა და დაცვა, კანონის უზენაესობა, თანასწორი შესაძლებლობების შექმნა ყველასთვის, კერძო საკუთრების დაცვა და სხვა. რაც უფრო დაცულ და დემოკრატიულ გარემოში უწევს ბიზნესს საქმიანობა, მით უფრო ადვილია მისთვის განვითარება. შესაბამისად, არამარტო ქართული ბიზნეს სექტორისთვის, არამედ თითოეული ჩვენგანისთვისაც სტატუსის მიღება უაღრესად პოზიტიური მოვლენაა.

რა იქნებოდა თქვენი რეკომენდაცია როგორც ბიზნეს სექტორის, ასევე, სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის - როგორ შეგვიძლია ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარება და რა როლის შესრულება შეუძლიათ მათ ამ პროცესში?

შემიძლია ვისაუბრო ჩემი მიმართულების თვალთახედვიდან. მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ღირებულებების ერთგულება, პატიოსნება და ბიზნეს ეთიკის ნორმებით მოქმედება უმნიშვნელოვანესია ევროინტეგრაციის პროცესში. ცენტრალური ხელისუფლებისა და თვითმმართველობის ორგანოების გარდა, მნიშვნელოვანია ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების ცნობიერებისა და ჩართულობის გაზრდა, შესაბამისი სამუშაო შეხვედრების გამართვა, სალექციო საათების გამოყოფა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ბიზნეს სექტორის მიერ ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარება.

ენთუზიაზმით მოქმედება და წარმატების მიღწევა უფრო ადვილია მაშინ, როდესაც სწორად და სიღრმისეულად გესმის დასახული ამოცანა და მისი სიკეთე, და ბოლომდე იხარჯები მისთვის.

სტატია მომზადებულია გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ, ჟურნალისთვის SUSTAINABILITY SPOTLIGHT.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები