მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სელინ დიონის კონცერტებმა შესაძლოა პარიზის ეკონომიკას €1 მილიარდამდე სარგებელი მოუტანოს | Le Monde

სელენა გომესი

ექვსწლიანი პაუზის შემდეგ სცენაზე დაბრუნებული სელინ დიონის კონცერტები პარიზისთვის არა მხოლოდ მუსიკალური მოვლენა, არამედ ეკონომიკური შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროცაა. ფრანგული გამოცემა Le Monde-ის ინფორმაციით, მომღერლის კონცერტების სერიამ საფრანგეთის დედაქალაქსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე შესაძლოა €500 მილიონიდან €1 მილიარდამდე ეკონომიკური აქტივობა შექმნას.

2026 წლის სექტემბერ-ოქტომბერში პარიზში სელინ დიონის 16 კონცერტია დაგეგმილი, რომლებზეც ჯამში დაახლოებით 800 000 მაყურებელს ელოდებიან. მომღერალი სცენას 2027 წლის მაისშიც დაუბრუნდება და კიდევ 10 კონცერტს გამართავს.

მოსალოდნელი ეკონომიკური სარგებელი მხოლოდ ბილეთების გაყიდვით მიღებული თანხით არ შემოიფარგლება. კონცერტებზე დასასწრებად პარიზში ჩასული სტუმრები სასტუმროებში ჩერდებიან, რესტორნებსა და მაღაზიებში ხარჯავენ ფულს და ქალაქის სხვა ტურისტულ ობიექტებსაც სტუმრობენ.

რეგიონული ტურისტული სააგენტო Choose Paris Region კონცერტების შედეგად €500-800 მილიონის ეკონომიკურ აქტივობას პროგნოზირებს. სასტუმროებისა და ტურიზმის საკონსულტაციო კომპანია MKG-ის პრეზიდენტის შეფასებით კი, ეს მაჩვენებელი შესაძლოა €1 მილიარდს გაუტოლდეს. პროგნოზები ნაწილობრივ სხვა მსხვილი მუსიკალური ღონისძიებების, მათ შორის ტეილორ სვიფტისა და ბიონსეს კონცერტების გამოცდილებას ეფუძნება.

ტურისტული სააგენტოს მონაცემებით, კონცერტებზე დასასწრებად რეგიონში ჩასული ვიზიტორები საშუალოდ ოთხ ღამეს ატარებენ, მათგან დაახლოებით 30% კი უცხოეთიდან ჩადის. შესაბამისად, კონცერტების გავლენა მხოლოდ საკონცერტო სივრცით არ შემოიფარგლება და ტურიზმის სხვადასხვა სექტორზეც ვრცელდება.

გაზრდილი მოთხოვნა უკვე აისახა სასტუმროების დატვირთულობაზეც. Le Monde-ის ინფორმაციით, კონცერტების დღეებში პარიზსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე სასტუმროების დატვირთულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10-15 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.

სასტუმროებისა და აპარტამენტების ქსელ Adagio-ში კონცერტების გამოცხადების შემდეგ ჯავშნების რაოდენობა თითქმის 400%-ით გაიზარდა. კომპანიის პარიზის დასავლეთ ნაწილსა და ლა-დეფანსში მდებარე 10 ობიექტში კონცერტების შაბათ-კვირისთვის ნომრების 80% უკვე დაჯავშნილია, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 50% იყო.

მოთხოვნის ზრდა მოკლევადიანი გაქირავების ბაზარზეც აისახა. ბაზრის ანალიტიკური კომპანია AirDNA-ს მონაცემებით, კონცერტების ღამეებში მოკლევადიანი საცხოვრებლების ჯავშნები 37%-ით გაიზარდა, ფასები კი - 25%-ით.

Natixis-ის ბანკის აპრილში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, სელინ დიონის კონცერტებმა შესაძლოა საფრანგეთის ეკონომიკურ ზრდასაც შეუწყოს ხელი. ბანკის შეფასებით, ღონისძიებების შედეგად ქვეყნის 2026 წლის ეკონომიკური ზრდის ტემპი შესაძლოა 0.02-0.03 პროცენტული პუნქტით გაიზარდოს.

სელინ დიონმა პარიზში პირველი კონცერტი 12 სექტემბერს გამართა. ეს მისი პირველი გამოსვლა იყო 2020 წლის მარტის შემდეგ. მომღერალს სცენიდან ხანგრძლივი პაუზის აღება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოუწია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები