მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სემ ოლტმენის წარმატების ისტორია - ორ წუთში მოყოლილი ამბავი

სემ ოლტმენი - TECH INFORM

თუკი შეგვიძლია გამოვყოთ ტექნოლოგია, რომელმაც 2023 წელი განსაზღვრა, ეს ტექნოლოგია, უდავოდ - ხელოვნური ინტელექტია. თავად ეს ტერმინი ახალი ნამდვილად არ არის, მაგრამ კაცობრიობის დიდმა ნაწილმა მის შესახებ პირველად ზუსტად ერთი წლის წინ გაიგო, როცა სამყაროს გენერაციული ხელოვნური ინტელექტი, ChatGPT მოევლინა. ეს ნეირონული ქსელი, რომელსაც ადამიანთან საუბარი და მისი საკმაოდ რთული დავალებების შესრულება შეუძლია ამერიკულმა არაკომერციულმა კვლევითმა ორგანიზაციამ შექმნა. ამ ორგანიზაციის სახელია OpenAI და დღეს, ის პლანეტის რიგით მეორე ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის, ამერიკული Microsoft-ის შვილობილია.

ყველაფერი 2015 წელს დაიწყო, როცა დღეს უკვე პლანეტის უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი, ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული მკლევარი, ილია სუცკევერი, პროგრამისტი გრეგ პროკმენი და ანტრეპრენიორი, სემ ოლტმენი შეთანხმდნენ, რომ ხელოვნურმა ზოგადმა ინტელექტმა, შესაძლოა, კაცობრიობას საფრთხე შეუქმნას. ამ იდეამ, თავის წილ, ზემოხსენებულ ადამიანებს არაკომერციული კვლევითი ორგანიზაციის ჩამოყალიბებისკენ უბიძგა და ასე დაიბადა OpenAI, რომლის მთავარი ფილოსოფიური პოსტულატები - თავისუფლება და ინფორმაციის ღიაობა იყო. OpenAI-ის გაცხადებული მიზანია, რომ ხელოვნურმა ზოგადმა ინტელექტმა კაცობრიობას სარგებელი მოუტანოს.

OpenAI-ის საქმიანობა, დიდწილად, მის ერთ-ერთ დამფუძნებელს, სემ ოლტმენს უკავშირდება, რომელსაც ტექნოლოგიურ წრეებში იმ დრომდეც იცნობდნენ, სანამ მისი კომპანია ChatGPT-ს შექმნიდა. 2005 წელს, სემ ოლტმენმა ადგილმდებარეობაზე დაფუძნებული სოციალური ქსელი - Loopt-ი დააფუძნა, რომელიც 2012 წელს 43 მილიონ დოლარად გაყიდა. ამ თანხით, ოლტმენმა ვენჩურული კაპიტალის ფონდი დააფუძნა და სტარტაპ-ეკოსისტემას უკვე ინვესტორის რანგში მოევლინა და სწორედ ასე აღმოჩნდა მსოფლიოს ნომერ პირველ სტარტაპ-აქსელერატორში, კალიფორნიულ YCombinator-ში, სადაც პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა. სწორედ სემ ოლტმენს უკავშირდება YCombinator-ის უმსხვილესი გარიგებები, მათ შორის Airbnb-ი, Dropbox-ი და Stripe-ი.

თუმცა YCombinator-ისა და OpenAI-ის გარდა, სემ ოლტმენს კიდევ ერთი კომპანია უკავშირდება - Tools for Humanity-ი, რომელიც მილიონობით მოქალაქის თვალის ირისის სკანირებას და მათთვის უნიკალური ციფრული ID-ს მინიჭებას, რომელსაც მომავალში კომპიუტერული სისტემები ადამიანებისა და ხელოვნური ინტელექტის ერთმანეთისგან გასასხვავებლად გამოიყენებენ. ამ პროექტს ზურგს კრიპტოვალუტა Worldcoin-ი უმაგრებს, რომელიც პროექტში მონაწილეებს ჯილდოს სახით დაურიგდებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები