მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სემეკ-ის წევრი: სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ქალაქი ნაღმზე ნამდვილად არ ზის

5c4c1be490ede
დათო ჯალაღონია
26.01.19 15:52
1001
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის გიორგი ფანგანის განმარტებით, მართალია, თბილისში ბუნებრივი გაზის გარეგანაწილების ქსელი მოძველებულია, მაგრამ საგანგაშო ვითარება არ არის.

როგორც სემეკის წევრმა BM.GE-ის განუცხადა, ბუნებრივი გაზის გაჟონვით გამოწვეული უბედური შემთხვევები გაზის შიდა ქსელებში არსებულმა პრობლმების ბრალია.
„ამაზე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ქალაქი ნამდვილად არ ზის ნაღმზე. არცერთი შემთხვევა, რომელიც უბედური შემთხვევით, ადამიანის ან ქონების დაზიანებით დასრულდა, გარეგამანაწილებელ ქსელზე არ მომხდარა. ყველა დახურულ საცხოვრებელ ფართებში ხდება, ანუ მუდმივად შიდა ქსელთან გვაქვს პრობლემა.

შეიძლება, ეს იყოს თვითონ ქსელის კონფიგურაცია, მაგრამ უმეტესად ეს არასწორედ დამონტაჟებული გაზმიმღები ხელსაწყოების ბრალია. შესაბამისად, ჩვენი მიზანი ახლა არის შიდა ქსელის საკითხების დარეგულირება. რაც შეეხება გარე ქსელს, დიახ, არის გარკვეული ინფრასტრუქტურა შესაცვლელი, მას რეაბილიტაცია სჭირდება, თუმცა საგანგაშო მდგომარეობა ნამდვილად, განსაკუთრებული არაფერი ხდება. ეს ჩვეულებრივი პროცესია“, - განაცხადა გიორგი ფანგანმა და დასძინა, რომ ქსელის რეაბილიტაცია და ამ მიზნით გარკვეული ინვესტიციების განხორციელება, ყოველ წელს ხდება.

შეგახსენებთ, რომ როგორც ენერგეტიკოსმა გიორგი ჭაღიაშვილმა Tv „პირველის“ ეთერში რამდენიმე დღის წინ განაცხადა, მოსახლეობა დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის განმეორების რისკის წინაშე დგას, რისი პრევენციაც გამკაცრებული მონიტორინგით და უსაფრთხო სამშენებლო პრაქტიკის დანერგვით არის შესაძლებელი.

“პოლიეთილენის მილებით ხდება ბუნებრივი აირის შეყვანა, რაც ქართული სტანდარტით არის დაუშვებელი. საქართველოში ბუნებრივი აირის კომუნიკაციის გაყვანა უნდა ხდებოდეს ლითონის მილსადენებით. ეს მილები კი გახლავთ, ცხელი წყლისთვის გამოსაყენებელი მილსადენები.

გვქონია ამ პრობლემაზე თვითმმართველობასთან საუბარი, რომ საჭიროა აღნიშნული საკუთრის რეგულირება, თუმცა მათი პასუხია ის, რომ სათანადო სპეციალისტების ნაკლებობაა. მე გთავაზობთ მოვამზადოთ ახალი სპეციალისტები და გავხადოთ უსაფრთხო ჩვენი გარემო. არსებული მდგომარეობის გაგრძელება არ შეიძლება, ქალაქი დგას ნაღმზე“, - განაცხადა ჭაღიაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები