სემეკის წლიური ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს მნიშვნელოვნად შემცირდა თბოსადგურების მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარება. ბუნებრივ გაზზე საქართველოს მოთხოვნის ცვლილება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული თბოელექტროსადგურების მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარებაზე.
„ტრანსპორტის სექტორში ბუნებრივი გაზის მოხმარების შემცირების უმთავრესი მიზეზი საწვავთაშორის კონკურენციის პირობებში მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის კლება და, შესაბამისად, ბენზინის საწვავზე ფასის საგრძნობი შემცირება იყო, რამაც იგი ბუნებრივ გაზთან შედარებით უფრო კონკურენტუნარიანი გახადა. თბოსადგურებისა და ტრანსპორტის სექტორის გარდა ბუნებრივი გაზის მოხმარება ასევე შემცირებულია სხვა არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ. ენერგიაზე მოთხოვნის შემცირების ძირითადი მიზეზი დაკავშირებულია ეკონომიკურ აქტივობასთან.
სულ 2016 წელს გამანაწილებელ ქსელზე მიერთდა 83,925 ახალი მომხმარებელი, რომელთაგან 80,548 იყო საყოფაცხოვრებო. შედეგად, 2016 წლის ბოლოს, ბუნებრივი გაზის საცალო მომხმარებლების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა და 1,055,600 შეადგინა, რომელთაგან 1,021,621 არის საყოფაცხოვრებო (იხილეთ ნახაზი 2.9). ახალი მომხმარებლების აბსოლუტური უმრავლესობა (95%) წარმოდგენს შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ აბონენტებს“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

























