სემეკმა, რამდენიმეთვიანი მსჯელობის შემდეგ, საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის მოხმარების აღრიცხვის ორი ალტერნატიული ვერსია შეიმუშავა და დადგენილების პროექტი გამოაქვეყნა.
მარეგულირებელი კომისიის ერთ–ერთი პირველი მიდგომა ასეთია – საოჯახო სასტუმროებში, თვიურად 20 კუბურ მეტრზე ნაკლები მოცულობის წყლის მოხმარებისთვის აბონენტი არასაყოფაცხოვრებო ტარიფს გადაიხდის, 20-ს ზემოთ, კი – კომერციულს. საერთო ჯამში, მას ჰიბრიდული დარიცხვა გამოუვა.
მეორე მიდგომას რაც შეეხება, სემეკში ფიქრობენ, რომ შესაძლოა, საოჯახო სასტუმროებში ორი ტიპის მრიცხველის გამოყენება გახდეს საჭირო, ანუ იქ სადაც სტუმრები იმყოფებიან, მრიცხველმა კომერციული ტარიფი დაითვალოს, სასტუმროს მფლობელმა კი მოხმარებული წყლისთვის საყოფაცხოვრები ტარიფი გადაიხადოს.
ტარიფის დადგენის ამ ორი ვარიანტიდან, როგორ სემეკის წევრი გოჩა შონია BM.GE-სთან საუბრისას აცხადებს, მარეგულირებელი კომისია საოჯახო სასტუმროების წარმომადგენლებთან და წყალმომარაგების კომპანიებთან კონსულტაციების გავლის შემდეგ ერთ–ერთზე შეჯერდება.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ყველაზე უფრო სამართლიანი ნაწილი, რადგან ვიცით, რომ ამ ტიპის სასტუმროებში ხდება წყლის მოხმარება როგორც საყოფაცხოვრებო, ისე არასაყოფაცხოვრებო მიზნებისთვის. შესაბამისად, ჩავთვალეთ, რომ უნდა იყოს ზღვარი, რომლის იქით მოხმარებაზე იქნება არასაყოფაცხოვრებო ტარიფი“, – აღიშნა გოჩა შონიამ.
ამ ეტაპზე, როგორც კომისიის მიერ წარმოდგენილ დადგენილების პროექტშია ნათქვამი, „საოჯახო სასტუმროს მფლობელ მომხმარებლად მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც სასმელ წყალს ყიდულობს და მოიხმარს როგორც საკუთარი საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის, ასევე, მის საცხოვრებელ ადგილზე, სტუმრების სისტემატური მომსახურებისათვის“.
რას გულისხმობს კომისია სტუმრების სისტემატურ მომსახურებაში, რა მახასიათებლები უნდა ჰქონდეს მაგალითად, ბინას, რომ მას საოჯახო სასტუმრო ვუწოდოთ? – ამ კითხვებზე საპასუხოდ, როგორც სემეკის წევრმა გოჩა შონიამ განაცხადა, ამის შესახებ კრიტერიუმები დამუშავდა, მაგრამ ჯერ ის ადრესატებს უნდა გააცნონ და შემდეგ – მედიას.
„გაწერილი კრიტერიუმებით შეფასდება, რომელია საოჯახო ტიპის სასტუმრო და შესაბამისად, მათზე ამ ტიპის მიდგომები გავრცელდება, რადგან ძალიან რთულია სამოთახიან ბინაში, სადაც ერთი მოხუცი ქალბატონი აქირავებს ორ ოთახს, მას მიუყენო იგივე პირობები, რაც დიდ სასტუმროებს. ამიტომ ვფიქრობ, ალბათ, არ იქნება სამართლიანი, რომ ყველაზე გავრცელდეს ეს. ეს იმაზე უნდა გავრცელდეს, ვინც მართლა აკეთებს ამას ბიზნესისთვის, აქვს საოჯახო ტიპის სასტუმრო, თავისი მახასიათებლებით“, – განმარტა სემეკის წევრმა.
სემეკის მიერ წარმოდგენილი ორი ვერსიიდან, რომელია უფრო მისაღები კერძო სექტორისა და წყალმომარაგების კომპანიებისთვის, ეს მათ 15 თებერვლამდე უნდა მოიფიქრონ და მოსაზრებები მარეგულირებელ კომისიას გააცნონ. დადგენილების პროექტის საჯარო განხილვები კი ალბათ, მომავალ კვირაში დაიწყება. საბოლოო გადაწყვეტილებას სემეკი 26 აპრილამდე მიიღებს.

























