სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია აცხადებს, რომ ელექტროენერგიის მასშტაბურ გათიშვასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან (სუს) თანამშრომლობენ, თუმცა თავად დაკითხვაზე არ ყოფილა.
"ჩვენ ვთანამშრომლობთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან. აღნიშნული მოკვლევის ფარგლებში გვაქვს ინფორმაციის ურთიერთგაცვლა და შესაბამისად ჩვენგან მიეწოდებათ ყველა საჭირო ინფორმაცია", - უთხრა ჟურნალისტებს სემეკის თავმჯდომარემ.
24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის ავარიულად გათიშვის გამო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო.
კერძოდ, უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად, არაერთგზის გათიშვის გამო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლით დაიწყო, რაც საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნის მიზნით, სახელმწიფო საწარმოს ან სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების ნორმალური ფუნქციონირების ხელშეშლას ან მათ დაზიანება/განადგურებას გულისხმობს.




























