მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სემეკი გენერაციის შეზღუდვის პროპორციულობას სწავლობს - მარეგულირებელს ელექტროსისტემამ მიმართა

დავით ნარმანია

სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია ამბობს, რომ გენერაციის შეზღუდვის პროპორციულობას სახელმწიფო ელექტროსისტემის მიმართვის საფუძველზე სწავლობენ.

ასე უპასუხა მან კითხვას, რომელიც გენერაციის შეზღუდვას ეხებოდა. კერძოდ, ჟურნალისტი დაინტერესდა სემეკის შეფასებით, იყო თუ არა გამომუშავების შეზღუდვა და ჰესების გაჩერების საჭიროება.

„მიმდინარე წელს უპრეცედენტოდ უხვი ნალექი მოვიდა, რამაც ჰიდროენერგიის ჭარბი გამომუშავება გამოიწვია. წყლის მოდინება გაცილებით აღემატებოდა ქვეყანაში არსებულ ელექტროენერგიის მოთხოვნას. ამის გამო სადგურებს, რომლებსაც რეზერვუარები არ გააჩნიათ, დიდწილად წყლის დაღვრა მოუწიათ და შედარებით დაბალ სიმძლავრეზე მუშაობდნენ.

გარდა ამისა, მეზობელ ქვეყნებში ენერგიაზე ძალიან დაბალი ფასი ფიქსირდებოდა, რის გამოც ექსპორტი კომერციულად მოგებიანი არ აღმოჩნდა და შესაბამისად, ქვეყნის გარეთ ელექტროენერგიის გატანა ფაქტობრივად არ განხორციელებულა.

წყლის დაღვრის პროპორციულობის საკითხს, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მომართვის საფუძველზე, მარეგულირებელი კომისია სწავლობს, თუმცა ეს ტექნიკური ხასიათის შესწავლაა.

რაც შეეხება კონკრეტულ მოცულობებსა და სხვა დეტალებს, ეს ინფორმაცია რა თქმა უნდა, ჩვენს წლიურ ანგარიშში მოხვდება, როდესაც შესაბამისი მონაცემები გამოქვეყნდება. ამ ეტაპზე ჯერ კიდევ შესწავლის პროცესში ვართ, რის გამოც ზუსტ ციფრებს ჯერ ვერ გეტყვით", - ამბობს ნარმანია.

მიმდინარე წლის ზაფხულში მოთხოვნა-მიწოდების სიჭარბის გამო გენერაციის შეზღუდვამ და თურქეთის ბაზარზე ელექტროენერგიაზე ფასების ვარდნამ ქართულ ენერგოსექტორს, წინასწარი შეფასებით, რამდენიმე ათეულ მილიონ ლარამდე ზარალი მიაყენა. ზუსტად რა მოცულობით შეიზღუდა საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება ამაზე ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაცია არ გაუვრცელებია, თუმცა ცნობილია, რომ ზაფხულის თვეებში ჰესების, ქარის და მზის სადგურების მუშაობა შეზღუდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები