მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ თანამშრომლებს კომისიის ახალი წევრი წარუდგინა

64a68ef83b112
BM.GE
06.07.23 13:51
424
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ საჯარო სხდომაზე სემეკის აპარატის თანამშრომლებს კომისიის ახალი წევრი, დავით თვალაბეიშვილი წარუდგინა.

„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის წევრთა ხმათა უმრავლესობით, დავით თვალაბეიშვილი კომისიის წევრის თანამდებობაზე 6 წლის ვადით აირჩა.

დავით თვალაბეიშვილს ენერგეტიკის სექტორში საქმიანობის 25 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. იგი დაჯილდოებულია ღირსების ორდენით ბაქო-სუფსის ნავთობსადენის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. დავით თვალაბეიშვილი მონაწილეობდა კასპიის რეგიონიდან საქართველოს ტერიტორიის გავლით სატრანზიტო მილსადენების პროექტების მოლაპარაკებებისა და განხორციელების საკითხებში, 2006-2007 წლებში მუშაობდა მსოფლიო ბანკის თბილისის ოფისში “Carbon Finance” პროექტების კოორდინატორად სამხრეთ კავკასიაში, 2008-2009 წლებში იყო ფონდ „ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“ ენერგეტიკული პროექტების დირექტორი, ხელმძღვანელობდა ფონდის მიერ საქართველოში მაგისტრალური გაზსადენების რეაბილიტაციის პროექტებსა და საქართველოში გაზსაცავის მშენებლობის შესაძლებლობების შესწავლას, 2010-2012 წლებში იყო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) თბილისის ოფისის ენერგეტიკული პროექტების მენეჯერი, მუშაობდა მაგისტრალური გაზსადენების რეაბილიტაციის პროექტებზე.

დავით თვალაბეიშვილი 2013-2018 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას, 2018-2019 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე. იგი 2019 წელს დაინიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ, ხოლო 2021 წლის დეკემბრიდან ეკავა ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის გენერალური დირექტორის თანამდებობა.


(ns)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები