მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სემეკის წევრების კვალიფიკაციზე რევაზ არველაძის მოთხოვნები დავით ნარმანიაზე არ გავრცელდა

5a3b7875ccb39
დავით ჯალაღონია
21.12.17 13:00
1017
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას სავარაუდოდ, წლის ბოლომდე ორი ახალი წევრი ეყოლება. თბილისის ყოფილი მერის დავით ნარმანიასა და სემეკის თავმჯდომარის მრჩევლის გოჩა შონიას კანდიდატურები პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა უკვე განიხილა და მათ მხარი დაუჭირა. დღეს კი ნარმანიასა და შონიას დეპუტატები პლენარულ სესიაზე კენჭს უყრიან.

იმ ფონზე, როცა კანონმდებლებმა პრეზიდენტის წარდგინებით სემეკის წევრები უნდა დაამტკიცონ, პარლამენტში პირველი მოსმენით მიიღეს და მეორე მოსმენით განიხილეს კანონპროექტი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონში ცვლილებების თაობაზე, რომლის თანახმად, სემეკის წევრების დაკომპლექტების კრიტერიუმები განახლებულია, თუმცა კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია შედარებით მკაცრი იყო, გადამუშავებული კი შერბილებულია.

კერძოდ, მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს პარლამენტში დარეგისტრირებული კანონპროექტი მარეგულირებელი კომისიის წევრების მიმართ დარგში მოღვაწეობის მინიმუმ 10 წლიან გამოცდილებას მოითხოვდა.

„კომისიის წევრად შეიძლება არჩეული იქნეს უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს ამ კანონით დადგენილი ფუნქციების განხორციელებისათვის საკმარისი კვალიფიკაცია და შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ ათწლიანი გამოცდილება.

ხუთი წევრისგან შემდგარ კომისიაში, კომისიის ორი წევრი სავალდებულოა იყოს პროფესიით ენერგეტიკის სპეციალისტი, ერთი გაზმომარაგების სპეციალისტი და ერთი წყალმომარაგების სპეციალისტი. ჩამოთვლილი დარგის სპეციალისტების გარდა ერთი წევრი შესაძლოა (დასაშვებია) იყოს პროფესიით ეკონომისტი ან იურისტი. აღნიშნული სპეციალისტები უნდა გამოირჩეოდნენ მაღალი დონის პროფესიონალიზმით და პატიოსნებით“, - წერია პირველი მოსმენით მიღებულ კანონპროექტში.

დოკუმენტის გადამუშავებული ვერსია კი ნარმანიას სემეკის წევრობის კანდიდატად დასახელებამდე ორი დღით ადრე, 12 დეკემბრით თარიღდება, სადაც მარეგულირებელი კომისიის წევრობის გამოცდილებისა და განათლების სფეროებთან დაკავშირებით უკვე სხვა ჩანაწერია.

„კომისიის წევრად შეიძლება არჩეული იქნეს უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს ამ კანონით დადგენილი ფუნქციების განხორციელებისათვის საკმარისი კვალიფიკაცია და შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება.

ხუთი წევრისგან შემდგარ კომისიაში, კომისიის ერთი წევრი სავალდებულოა იყოს პროფესიით ენერგეტიკის სპეციალისტი და ერთი გაზმომარაგების სპეციალისტი. ჩამოთვლილი დარგის სპეციალისტების გარდა, სამი წევრი უნდა იყოს მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტი. აღნიშნული სპეციალისტები უნდა გამოირჩეოდნენ მაღალი დონის პროფესიონალიზმითა და პატიოსნებით“, - წერია დოკუმენტის გადამუშავებულ ვერსიაში.

„საქმის კურსის“ კითხვაზე, რატომ შეიცვალა კანონპროექტში ჩანაწერი, ავტორმა პასუხად განაცხადა, რომ მან „რეალობას უნდა შეხედოს“.

„ეს იყო კომიტეტის წევრების მოსაზრება, რომელსაც მე დავეთანხმე, იმდენად რამდენადაც ჩვენ უნდა შევხედოთ რეალობას - დღეს მარეგულირებელი კომისიის სამივე მოქმედი წევრი იურისტია, აქედან გამომიდნარე, ორი ადგილია დარჩენილი და სამ სხვადასხვა სპეციალისტს ვერანაირად ვერ მიიღებენ ორ ადგილზე, აქედან გამომდინარე, მე პირადად დავთანხმდი, რომ ორი ადგილიდან ერთი ენერგეტიკოსი, ერთი კი გაზმომარაგების სპეციალისტი იყოს და დანარჩენი სამიდან - ეკონომისტი, ან წყალმომარაგების სპეციალისტი“, - განაცხადა რევაზ არველაძემ.

რევაზ არველაძე საპარლამენტო უმრავლესობის ის წევრია, რომელმაც სემეკის წევრად მაია მელიქიძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა. უფრო მეტიც, მან „საქმის კურსთან“ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ სემეკის წევრობის კრიტერიუმები გასამკაცრებელია და სწორედ ამიტომ დაწერა კანონპროექტი, რომლის პირვანდელ ვერსიაში მოთხოვნები მკაცრად იყო გაწერილი.

„ამ კანონპროექტის დაწერის მოტივაცია ერთადერთია, რომ რაიმე სუბიექტური მოსაზრებით არ იყოს არჩეული, ან დანიშნული სემეკის წევრად არასათანადოდ მომზადებული კადრი. ასეთ შემთხვევებს ჰქონდა ადგილი და სწორედ ამიტომ არის ეს ინიციატივა წამოსული ჩემი მხირდან. მე ეს კანონპროექტი მოვამზადე მას მერე, რაც ბოლოს იქნა გადაწყვეტილება მიღებული კომისიის წევრად ერთ-ერთი პიროვნების არჩევისა, რომელსაც ახლოსაც არ გაუვლია ენერგეტიკასთან. მაია მელიქიძეზე ვლაპარაკობ. ასეთები სხვა დროსაც იყო, მაგრამ მაშინ მე საკანონმდებლო ინიციატივის უფლება არ მქონდა, თუმცა ძალიან ბევრს ვლაპარაკობდი, რომ ეს უნდა იყოს მხოლოდ პროფესიონალებით დაკომპლექტებული. ელექტროენერგეტიკა, ბუნებრივი გაზის სექტორი და წყალმომარაგება მეტად რთული დარგებია. სემეკი არ არის პოლიტიკური ორგანო, ეს სუფთა პროფესიონალური ორგანოა - სემეკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციაა ლიცენზიების პირობების დადგენა და გაცემა, ასევე ამ პირობების კონტროლი და როდესაც სემეკის წევრებიდან, მაგალითად დღეს რომ ავიღოთ, არცერთი არ არის ენერგეტიკოსი, არც წყალმომარაგების, არც გაზმომარაგების სპეციალისტი, ძალიან რთული იქნება ხარისხიანი და სწორი გადაწყვეტილებების მიღება“, - განაცხადა არველაძემ 25 ოქტომბერს.

ამავე ინტერვიუში „საქმის კურსმა“, ჯერ მხოლოდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე არველაძეს კითხვით მიმართა, ახალი კრიტერიუმების გაწერა, გარდა მაია მელიქიძის კომისიის წევრად დანიშვნით მიღებული იმედგაცრუებისა, დაკავშირებული იყო თუ არა ინფორმაციასთან, რომლის მიხედვით, დავით ნარმანია შესაძლოა, პრეზიდენტს სემეკის წევრად წარედგინა, რაზეც დეპუტატმა პასუხად განაცხადა, რომ მისი კანონპროექტი ნარმანიასთან კავშირში არ არის.

„არავითარ კავშირში ეს ბატონ ნარმანიასთან არ არის“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ თუ ნარმანია მართლაც წარადგინა საქართველოს პრეზიდენტმა სემეკის წევრობის კანდიდატად და აღმოჩნდა, რომ ამ უკანასკნელს შესაბამისი კვალიფიკაცია არ აქვს, იგი მას მხარს არ დაუჭერს.

„თუ ნარმანია ამ სპეციალობის არ არის, მე რა თქმა უნდა, წინააღმდეგი ვიქნები“, - განაცხადა რევაზ არველაძემ 25 ოქტომბერს.

ცნობისთვის, დავით ნარმანია ელექტროენერგეტიკის, წყალმომარაგების, ან გაზმომარაგების სპეციალისტი არ არის. (იხილეთ ბიოგრაფია: https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/169039?) იგი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პარლამენტს მთავრობის თხოვნით წარუდგინა. აღსანიშნავია, რომ ამავე ადმინისტრაციამ 2015 წელს ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის მარიამ ვალიშვილის კანდიდატურა დაიწუნა, რომელსაც ენერგეტიკის დარგში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სემეკის წევრობის მეორე კანდიდატი კი გოჩა შონიაა, რომელიც სპეციალობით თბოენერგეტიკოსია და გარდა ამისა, 2011 წლიდან მიმდინარე წლის წლის ზაფხულამდე სემეკის წევრად მუშაობდა.

მას შემდეგ, რაც პარლამენტი ორ ახალ კანდიდატურას დაამტკიცებს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია სრულად დაკომპლექტდება და თავმჯდომარის ჩათვლით, ხუთი წევრით იქნება წარმოდგენილი.

რაც შეეხება სემეკის წევრობისთვის საჭირო გამოცდილებასთან დაკავშირებით „ელექტროენერგტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონში ცვლილებებს, მისი მიღება წლის ბოლომდე სავარაუდოდ, ვერ მოესწრება და კანონპროექტი, გაწერილი მოთხოვნების კომისიის მოქმედ წევრებზე გავრცელებას არც ითვალისწინებს, რაც იმას ნიშნავს, რომ დავით ნარმანია და გოჩა შონია, საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერის შემთხვევაში, მარეგულირებელი კომისიის წევრად მუშაობას ჯერ კიდევ არსებული კრიტერიუმებით დაიწყებენ.

კომისიის წევრობის კრიტერიუმებთან დაკავშირებით „ელექტროენერგტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ მოქმედ კანონში წერია, რომ „კომისიის წევრად შეიძლება არჩეულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, ამ კანონით დადგენილი ფუნქციების განხორციელებისათვის საკმარისი კვალიფიკაცია და გამოცდილება“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები