მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სემეკმა ირიგაციის მომსახურების ახალი ტარიფი დაადგინა - ფერმერებს სახელმწიფო დაასუბსიდირებს

მელიორაცია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ირიგაციის მომსახურების ახალი ტარიფი განსაზღვრა, რომელიც მიმდინარე წლის აპრილიდან ამოქმედდება.

სემეკის განმარტებით, სატარიფო ცვლილება მიზნად ისახავს ირიგაციის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციას, დანაკარგების შემცირებასა და ფერმერებისთვის წყლის უფრო საიმედო მიწოდებას. ახალ ტარიფში გათვალისწინებულია ყველა აუცილებელი ხარჯი, რომელიც მელიორაციის სექტორის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის არის საჭირო.

აღსანიშნავია, რომ სემეკის თქმით, ტარიფის ზრდა სრულად არ დააწვება ფერმერებს, ვინაიდან სახელმწიფო მელიორაციის სექტორის მხარდაჭერას სუბსიდირების მექანიზმის მეშვეობით განაგრძობს. უწყების ცნობით, ცვლილებები ხორციელდება ფერმერების ინტერესებზე ორიენტირებულად.

სემეკის ინფორმაციით, ახალი ტარიფის ამოქმედება პროცესს უფრო გამჭვირვალეს გახდის და ნათლად ასახავს მელიორაციის მომსახურების რეალურ ღირებულებას. ფერმერების ქვითრებში ცალკე იქნება ნაჩვენები როგორც სრული ტარიფი, ასევე სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სუბსიდიის ოდენობა, რაც სახელმწიფო მხარდაჭერის მასშტაბს გამოკვეთს.

ახალი სატარიფო სისტემა სამართლიან პრინციპს ეფუძნება. მომხმარებელი იხდის მხოლოდ იმ წყლისთვის, რომელსაც რეალურად მოიხმარს. აღნიშნული მიდგომა ხელს შეუწყობს საირიგაციო წყლის მიზნობრივ გამოყენებას, წყლის დროულ მიწოდებასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას. ცვლილებასთან დაკავშირებით აქტიური კომუნიკაცია დაიწყება ფერმერებთან რეგიონებში.

ამასთან, „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით წლების განმავლობაში ახორციელებს მწყობრიდან გამოსული სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო პროექტებს. რეაბილიტაციის შედეგად ექსპლუატაციაში დაბრუნდა არაერთი საირიგაციო და სადრენაჟო სისტემა, ამოქმედდა განახლებული სატუმბი სადგურები და მოწესრიგდა საირიგაციო ქსელები, რის შედეგადაც სარწყავი წყალი მიეწოდა იმ სოფლებს, სადაც სავარგულები ათწლეულების განმავლობაში არ ირწყვებოდა.

უწყების ინფორმაციით, მომავალ წლებში სახელმწიფო ბიუჯეტისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით ჯამში დაახლოებით 605.8 მლნ ლარის ღირებულების სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაა დაგეგმილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები