მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სემეკმა "ყაზტრანსგაზ-თბილისის" ტარიფების დადგენის მიზნით ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო

58c15a4d2e8d1
დავით ჯალაღონია
09.03.17 17:35
1113
სემეკმა "ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ტარიფების დადგენის მიზნით ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დღევანდელი გადაწყვეტილების მიხედვით, კომისიაში წინადადებების წარდგენის ბოლო ვადად მიმდინარე წლის 6 აპრილი განისაზღვრა, ხოლო ტარიფების დადგენის ვადად - 24 ივლისი.

დღესვე, ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისთვის ტრანსპორტირების ტარიფების დადგენის თაობაზე დაიწყო. ამ შემთხვევაში მოსაზრებების წარდგენა დაინტერესებულ პირებს ასევე 6 აპრილამდე შეუძლიათ, ტარიფი კი მაქსიმუმ 28 ივლისს გახდება ცნობილი. სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებისთვის განცხადება სემეკის წევრმა გოჩა შონიამ გააკეთა, რომელმაც იმ ძირითად ფაქტორებზე ისაუბრა, რასაც კომისია ტარიფის დაანგარიშებისას ითვალისწინებს.

"ტარიფების დადგენაზე მოქმედებს ვალუტის კურსის ცვლილება, რადგან ბუნებრივი გაზის შესყიდვა უცხოურ ვალუტაში ხდება. ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს ქსელში განხორციელებულ ინვესტიციებს, თუმცა არის სხვა კომპონენტებიც, რომლებიც ასევე მოქმედებს, მათ შორის, ბუნებრივი გაზის განაწილებული მოცულობა და სხვა ფაქტორები", - განაცხადა შონიამ.

შეგახსენებთ, რომ ტარიფების დადგენისთვის ადმინისტრაციული წარმოებები "სოკარ ჯორჯია გაზისა" და "საქორგგაზისთვისაც" დაიწყო. იმ შემთხვევაში თუ ბუნებრივი გაზის გადასახადი გაიზრდება, მთავრობა სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის სუბსიდირების სისტემის ამოქმედებას განიხილავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები