ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროენერგიის სადგურებისთვის ანაზღაურების სქემა იცვლება.
"ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ მიერ მომზადებული კანონპროექტით, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელისთვის სასისტემო და ბაზრის ოპერირების მომსახურებების არსებული შეღავათი უქმდება. პროექტის მიღების შემდეგ, სემეკი დაადგენს ელექტროსადგურის მიერ მიწოდებული ელექტროენერგიის, აგრეთვე ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის ანაზღაურების პირობებს.
მზის ენერგიის განვითარების ასოციაციის თანადამფუძნებელი თორნიკე დარჟანია BMGTV-ის ეთერში ამბობს, რომ ასოციაციამ სემეკს უკვე მიმართა, რომ ფიზიკური პირებისთვის მაინც დარჩეს ნეტო აღრიცხვის სისტემა, რომელიც მთელ რიგ შეღავათებს ითვალისწინებს.
"სამი ინიციატივით მივმართეთ სემეკს. პირველი გვინდა, რომ ფიზიკური პირების შემთხვევაში ნეტო აღრიცხვის სისტემა შენარჩუნდეს როგორც "ენერგო-პრო ჯორჯიას" ასევე "თელასის" ქსელში. ფიზიკურ პირებს დენის ტარიფი ისედაც დაბალი აქვთ, შესაბამისად მათი აქტივობა (ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩართვაზე) ძალიან დაბალია. ამას გარდა, ფიზიკური პირები დაიჩაგრნენ, რადგან იურიდიულმა პირებმა (კომპანიებმა) შეავსეს 20%-იანი კვოტა. რომელიმე ფიზიკურ პირს თუ სურს სამკილოვატიანი სადგურის აშენება აღმოჩნდა, რომ კვოტა უკვე შევსებულია. ამიტომ გვინდა, ფიზიკური პირების ინტერესები დავიცვათ. მეორე საკითხია ის, რომ ტარიფები და მეთოდოლოგია გადაიხედოს, 5-8 თეთრიანი დათვლის მექანიზმი შეიცვალოს და ელექტროენერგიის შესასყიდი ფასი იყოს საბაზრო ან გონივრულობასთან ახლოს. ასევე გვინდა, რომ როგორც საწარმოებში ისე მეურნეობებში [ელექტროენერგიის] შემნახველი სისტემის წამახალისებელი მექანიზმები იყოს შემოღებული", - ამბობს დარჯანია.
კანონპროექტით უქმდება მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელისთვის სასისტემო და ბაზრის ოპერირების მომსახურებების ანაზღაურებისგან გათავისუფლების შეღავათი და იგი ნაცვლდება კომისიის უფლებამოსილებით, დაადგინოს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიის, აგრეთვე ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის ანაზღაურების პირობები.
ამას გარდა, 2027 წლის იანვრამდე მიერთებულ ელექტროსადგურის საბოლოო მომხმარებელს მიეცემა შესაძლებლობა, 2033 წლის იანვრამდე ისარგებლოს მიერთების მომენტისათვის მოქმედი პირობებით, რაც მოიცავს წარმოებული და მოხმარებული ელექტროენერგიის გაქვითვასა და შედეგად ოპერირების მომსახურებებისგან გათავისუფლებას.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების შესაძლებლობას იმ შემთხვევაშიც, თუ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური სიმძლავრე მიაღწევს კომისიის მიერ დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას. ასეთ შემთხვევაში, 2027 წლის იანვრამდე შესაძლებელი იქნება 100 კილოვატამდე მიკროსიმძლავრის მიერთება იმ პირობით, რომ ნაცვლად წარმოებული ელექტროენერგიის მოხმარებულ ელექტროენერგიასთან გაქვითვისა, მომხმარებელი ქსელში მიწოდებულ ელექტროენერგიაზე მიიღებს კომისიის მიერ დადგენილ საფასურს, ხოლო ქსელიდან მიღებულ ელექტროენერგიაზე აანაზღაურებს როგორც მიწოდების, აგრეთვე, სასისტემო მომსახურებების საფასურს, კომისიის მიერ დადგენილი წესით.