ქალაქ სენაკსა და მიმდებარე დასახლებებში წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაცია მოხდება - შესაბამისი ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. პროექტს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს და ის 45.3 მილიონი ლარი დაჯდება.
“ქალაქის მოსახლეობა 27 217-ს შეადგენს. იმავე საიტის ქვეთავში „მოსახლეობა“ ეს რიცხვი 28 506-ის ტოლია, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ოფიციალური საიტით, სენაკის მოსახლეობა 21 596 შეადგენს, რაც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები“-ს მონაცემებს ემთხვევა. ახალსოფლის მოსახლეობა ამავე აღწერის შედეგებით შეადგენს - 861-ს,”- ნათქვამია პროექტის აღწერაში.
გამოქვეყნებული ტენდერის თანახმად, უნდა მოხდეს საქაჩი სადგურისა და სათავე ნაგებობების რეაბილიტაცია.
ტენდერში მონაწილე კომპანიებისთვის მოთხოვნილი გამოცდილება მოიცავს 2017 წლის 1 იანვრიდან დღემდე არანაკლებ 22.5 მილიონი ლარის ანალოგიური სამუშაოები წყალმომარაგების სისტემებთან დაკავშირებით.
ტენდერში კომპანიებისგან წინადადებების მიღება 31 იანვარს იწყება და 5 თებერვალს მთავრდება.