სენაკში მდებარე დაფნის საწარმო „ლაურუსი“ გერმანიაში პროდუქციის ექსპორტს გეგმავს.
როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა ვანო ჯალაღონიამ „ბიზნესკონტრაქტს“ განუცხადა, საჩევენებელ პარტიას გერმანიაში ნოემბრის ბოლოს გაგზავნის. მეწარმე პირველ ეტაპზე 5 ტონა დაფნის გაგზავნას აპირებს. იმ შემთხვევაში თუ ევროკავშირის ქვეყანას პროდუქციის ხარისხი დააკმაყოფილებს, სამომავლოდ 15 ტონა დაფნა გაიგზავნება.
ჯალაღონიას თქმით, დაფნას რუსეთშიც აგზავნიან, თუმცა, ხარისხზე უფრო მაღალი მოთხოვნა გერმანიაშია. სამაგიეროდ, ევროკავშირის ქვეყანაში დაფნას მაღალი ფასიც აქვს.
მეწარმე ამბობს, რომ მზად არის პროდუქციის მოყვანა 1-2- დოლარით ძვირი დაუჯდეს, სამაგიეროდ, უფრო მაღალ ფასშიც გაყიდოს.
„გერმანიაში პირველ საჩვენებელ პარტიაზე გვიხდიან 3 დოლარს კილოგრამზე, რაც დაბალი ფასია. რუსეთში კი გვიხდიან 2,5-ს მაგრამ ხარისხის მიმართულებით ნაკლები მოთხოვნაა. იმის მიხედვით, როგორი ხარისხის დაფნა იქნება, გერმანიაში დაფნის ფასი იქნება 5-დან 12-დოლარამდე“,- აცხადებს მეწარმე.
მისი თქმით, უკეთესი ხარისხის პროდუქციის მისაღებად ახალი აღჭურვილობის შეძენა სურთ, რომლისთვისაც დაფინანსების მოპოვებას „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში აპირებენ.

























