სენატორი ლინდსი გრეჰემის განცხადებით, დონალდ ტრამპი ჩინეთის, ინდოეთისა და ბრაზილიისთვის მეორადი 100%-იანი ტარიფების დაწესებას გეგმავს.
შტატების პრეზიდენტი ამ ნაბიჯს იმ შემთხვევაში გადადგამს, თუ აღნიშნული ქვეყნები რუსული ნავთობის შესყიდვას გააგრძელებენ. როგორც გრეჰემმა განაცხადა, სამივე ქვეყანამ უნდა აირჩიოს მხარე და არჩევანი შტატებსა და რუსეთს შორის გააკეთოს. აღსანიშნავია, რომ რუსული ფასდაკლებული ნავთობის 80%-ს სწორედ სენატორის მიერ დასახელებული ქვეყნები ყიდულობენ.
გრეჰემის მიერ გაკეთებული განცხადება კავშირშია “რუსეთის დასანქცირების აქტის” ინიციირებასთან. ხსენებული დოკუმენტის დამტკიცების შემთხვევაში, რუსეთიდან ენერგოპროდუქტებისა და ურანის იმპორტიორ ყველა ქვეყანას 500%-მდე ტარიფები დაუწესდება.
აღსანიშნავია, რომ “რუსეთის დასანქცირების აქტს” მხარს უჭერს NATO-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე. ინიციირებული კანონპროექტისთვის ხმის მიცემას გეგმავენ დემოკრატიული პარტიის წევრებიც.
სენატორის განცხადებას ინდოეთის ნავთობის მინისტრი ჰარდიპ პურიც გამოეხმუარა. მან განაცხადა, რომ ქვეყანას არავითარი სანქციის არ ეშინია და რუსული ფასდაკლებული ნავთობის შესყიდვა მაინც გაგრძელდება.




























