ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გასული თვის განმავლობაში 357,600 კოლოფის ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის სულ 18 ფაქტი გამოავლინა. ინფორმაციას უწყება ავრცელებს.
"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2025 წლის სექტემბრის თვეში, საქართველოს მასშტაბით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 18 ფაქტი გამოავლინეს.
ბრალი წარედგინა 30 პირს, მათგან დაკავებულია 22.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების, ჯამში 357 640 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 1 600 000 ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ექვს წლამდე ვადით,"- ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ გასულ თვეში ასევე გამოვლინდა გორში უაქციზო სიგარეტის საწარმოს არსებობის ფაქტი, საიდანაც 324,000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი იქნა ამოღებული.




























