2024 წლის სექტემბერში საქართველოში განლაგებული ბანკომატებიდან 4.0 მილიარდი ლარი გაანაღდეს - რაც წინა თვესთან შედარებით 71 მილიონი ლარით, ანუ 2%-ით მეტი იყო. წლიურად კი ბანკომატებით განხორციელებული ოპერაციები 7.5%-ით არის გაზრდილი.
სტატისტიკის მიხედვით, სულ სექტემბრის განმავლობაში ბანკომატებით 9 მილიონი ოპერაცია შესრულდა (აქედან 8.8 მლნ ოპერაცია ქართული ბარათებით, 0.2 მლნ უცხოური ბარათებით), ხოლო ერთი ოპერაციის საშუალო ღირებულება 452 ლარს შეადგენდა.
ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, 2024 წლის 9 თვეში მთლიანობაში ბანკომატებით 35.5 მილიარდი ლარის ოპერაციები (ძირითადად თანხის განაღდება) შესრულდა, რაც 2023 წელთან შედარებით 11.6%-ით მეტი იყო.
უფრო მეტად - 30%-ით გაიზარდა პოს-ტერმინალებით და გადახდის ელექტრონული არხებით განხორციელებული ოპერაციების მოცულობა და მან 2024 წლის 9 თვეში 25.1 მილიარდი ლარი შეადგინა.
პოს ტერმინალების გადახდის მიმართულებით გააქტიურების მიუხედავად, მოსახლეობის მხრიდან გადახდების მთავარ მექანიზმად კვლავ ნაღდი ფულის ოპერაციები რჩება, რაზეც საბანკომატე ოპერაციების სიდიდეც მეტყველებს.
სებ-ის თანახმად, საქართველოში სულ 3,114 ბანკომატია, შესაბამისად თითოეული მათგანით სექტემბერში საშუალოდ 1.3 მილიონი ლარის ოპერაციები შესრულდა, ხოლო დღეში 43.2 ათასი ლარის ოპერაციები.
რაც შეეხება პოს-ტერმინალებს, მათი რაოდენობაა 135,873, შესაბამისად სექტემბერში თითოეული ტერმინალით 22 ათასი ლარის ოპერაციები, ანუ დღეში 750 ლარის გადახდები შესრულდა.